შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის საგარეტო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს თეთრს სახლში შეხვდა. შეხვედრის ამსახველი ფოტო ტრამპმა მიკრობლოგ "ტვიტერზე" გამოაქვეყნა.
"ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან. განვიხილეთ მრავალი საკითხი, მათ შორის, ირანი, ვაჭრობა, ჩრდილოეთ კორეა, მცირე და საშუალო რადიუსის რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმება, ბირთვული შეიარაღების კონტროლი და არჩევნებში ჩარევა. ველი, უახლოეს მომავალში დიალოგის გაგრძელებას", - დაწერა ტრამპმა "ტვიტერზე".
თავის მხრივ, შეერთებული შტატების პრეზიდენტთან შეხვედრა დადებითად შეაფასა ლავროვმაც.
მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შეხვდა.