ოპოზიციის მხრიდან შემოთავაზებული ე.წ. გერმანული მოდელი ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კონსტიტუციას, - აღნიშნულ საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის ერთუცნობიანი განტოლება, რომელიც კაზუსის სახით განიხილება პირველი კურსის პირველ ლექციაზე სტუდენტებთან .
„სამწუხაროა, რომ ასეთ მარტივ კაზუსთან დაკავშირებით მსჯელობა გვიწევს უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე. ეს არის იმის მანიშნებელი, რომ პოლიტიკური კულტურა საქართველოში განვითარებას საჭიროებს. ცალსახად არაკონსტიტუციურია ეს მოდელი. სწორედ ამ საფუძვლით ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არ გაგვეგრძელებინა ამ საკითხის განხილვა. ეს კანონპროექტი არის წარმოდგენილი ოპოზიციის მხრიდან საქართველოს პარლამენტში. ამასთან დაკავშირებითაც იყო დისკუსია. აპარატმა მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიეღო - დარეგისტრირდა ეს კანონპროექტი და ამასთან დაკავშირებით მოვისმინეთ ღიმილისმომგვრელი განცხადებები იმის თაობაზე, რომ თითქოს აპარატში გაიარა ამ დოკუმენტმა კონსტიტუციურობის ტესტი. ოპოზიცია, რომელიც ერთმანეთში ურევს საქართველოს პარლამენტის აპარატს და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ბუნებრივია, ვერ იქნება რაიმე პოლიტიკური ხაზის განმსაზღვრელი ქართულ პოლიტიკაში. ეს აჩვენებს მათი იურიდიული განათლების დონეს ისევე, როგორც გერმანული მოდელის შეთავაზება. მათი განცხადება, რომ თითქოს პარლამენტის აპარატი და მისი იურიდიული დეპარტამენტი არის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, მიმანიშნებელია იმის, რომ მათი იურიდიული და პოლიტიკური კვალიფიკაციის დონე არის ძალიან დაბალი, რაც ძალიან სამწუხაროა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.