გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს, ბერლინში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმის გამოძიებაში დახმარება სთხოვა.
"ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხი ორმხრივი შეხვედრის დროს, მე აღვნიშნე, რომ გერმანია რუსეთისგან თანამშრომლობას ელოდება. გვსურს, რომ რუსეთმა მოგვაწოდოს ინფორმაცია, რომელსაც ფლობს, ჩვენ ამის მოლოდინი გვაქვს. ეს ძალიან სასარგებლო შეხვედრა იყო", - განაცხადა მერკელმა ნორმანდიული ოთხეულის სამიტის შემდეგ.
აგვისტოში, ბერლინში მოკლეს ზელიმხან ხანგოშვილი, რომელსაც ველოსიპედით მიმავალმა ქილერმა ქუჩაში ესროლა. ხანგოშვილი ადგილზე გარდაიცვალა.
ბერლინის პროკურატურამ დააკავა დანაშაულში ეჭვმიტანილი 49 წლის რუსეთის მოქალაქე.
ეს ხანგოშვილზე მეორე თავდასხმა იყო. 2015 წლის 28 მაისს თბილისში ჩაცხრილეს ავტომობილი, რომელშიც ის იმყოფებოდა. ხანგოშვილი სერიოზულად დაიჭრა. მკურნალობის დასრულებისთანავე მან საქართველო დატოვა.
ზელიმხან ხანგოშვილი 2012 წელს საქართველო-რუსეთის საზღვართან მდებარე სოფელ ლაფანყურის სპეცოპერაციაში შუამავალი იყო. სწორედ ამ სპეცოპერაციას დაუკავშირეს ხანგოშვილის ახლობლებმა 2015 წელს მომხდარი თავდასხმა.