დღეს, 2 ოქტომბერს, 17:00 საათზე, თბილისის თანამედროვე ხელოვნების მე-3 საერთაშორისო გამოფენა და სიმპოზიუმი "არტისტერიუმი 2010" გაიხსნება, რომელიც თბილისის ისტორიის მუზეუმის 100 წლისთავს ეძღვნება.
არტისტერიუმში წელს მონაწილეობს დიდი ბრიტანეთი, აშშ, გერმანია, საფრანგეთი, ჰოლანდია, შვეიცარია, პოლონეთი, ნორვეგია, არგენტინა, თურქეთი, სამხერთ კორეა, ჩინეთი, ირანი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ირლანდია, ავსტრია, იტალია, ისრაელი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, ლუქსემბურგი, პორტუგალია, საბერძნეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, შვედეთი, ახალი ზელანდია, კვიპროსი.
"არტისტერიუმი", თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა და სიმპოზიუმი მრავალფუნქციური კულტურული ღონისძიებაა, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის გამოცდილებას. არტისტერიუმის ორგანიზატორები მჭიდროდ თანამშრომლობენ საერთაშორისო კურატორებთან, ექსპერტებთან და ინსტიტუციებთან. არსებობის სამი წლის განმავლობაში "არტისტერიუმმა" წარმატებული და პოპულარული საერთაშორისო სახელოვნებო ღონისძიების სახელი დაიმკვირდა.
ღონისძიების სათაური თბილისში გასული საუკუნის 10-ან წლებში, ჟურნალ "არსთან" არსებული კლუბის სახელწოდებას უკავშირდება. კლუბი ცნობილი იყო ინოვაციური გამოფენებით, პოეზიის საღამოებით და დისკუსიებით. სახელწოდება საშუალებას გვაძლევს აღვადგინოთ ქართული თანამედროვე ხელოვნების კავშირი თბილისურ მოდერნიზმთან.
"არტისტერიუმის" პროგრამა აერთიანებს ქართული და საერთაშორისო თანამედროვე ხელოვნების გამოფენებს, საერთაშორისო კურატორთა ორდღიან სიმპოზიუმს, საგანმანათლებლო პროგრამებს და კულტურულ ღონისძიებებს.
პროექტის ორგანიზატორები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო; ასოციაცია "არტისტერიუმი"; გოეთეს ინსტიტუტი, ფონდი "კულტურის და ხელოვნების გლობალური კოორდინირების ცენტრი".
"არტისტერიუმი" 17:00 საათზე "ქარვასლაში" გაიხსნება.