"თუ ეს გადაწყვეტილება საზოგადოებაში დაძაბულობის შენელების და პოლიტიკურ კულტურაზე გადასვლისკენ გადადგმული ნაბიჯია, მხოლოდ მივესალმები," - ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე, ნიკა მელიას მიმართ გამოტანილ სასამართლოს გადაწყვეტილებას.
ვაშაძის განმარტებით, ფუჭად დახარჯული დროის შემდეგ, ჯარიმის შეფარდებით ხელისუფლება პოლიტიკური სახის შენარჩუნება სცადა.
"ჯარიმა ეს ერთგვარი სახის შენარჩუნების მცდელობაა იმისათვის, რომ სასამართლოს მიერ ამდენი უაზრო და ფუჭად დახარჯული დრო გაამართლონ. მაგრამ თქვენ იცით, რომ სასამართლო საქართველოში ასეთ გადაწყვეტილებებს პოლიტიკური განკარგულების გარეშე არ ღებულობს. თუ ეს გადაწყვეტილება საზოგადოებაში დაძაბულობის შენელების და პოლიტიკურ კულტურაზე გადასვლისკენ გადადგმული ნაბიჯია, ამას მხოლოდ მივესალმები“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ "ქართუს გაკოტრების" საქმეზე ნიკა მელია ერთ ეპიზოდში გაამართლა, მეორეზე კი, 25 000-ლარიანი ჯარიმა მიუსაჯა. ამასთან, სასამართლომ ნიკა მელიას 3 წლით და 2 თვით ჩამოართვა საჯარო სამსახურში დასაქმების უფლება. დაცვის მხარე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.