ასი წლის წინ დაიდგა ვიქტორ დოლიძის „ქეთო და კოტე“. ზოგი ფიქრობს, რომ ოპერის ავტორი ჩვენში დაუფასებელია. ძნელია ამის დაჯერება. ჯერ კიდევ 1948 წელს ყველა დროის შედევრად მიჩნეული ფილმით „ქეთო და კოტე“ (გადაღებული რეჟისორების ვახტანგ ტაბლიაშვილისა და შალვა გედევანიშვილის მიერ ავქსენტი ცაგარელის კომედია „ხანუმას“ და ვიქტორ დოლიძის ოპერის მიხედვით) დიდების შარავანდედი და უკვდავების ძეგლი დაიდგა არამხოლოდ ამ მუსიკის ავტორისათვის. დღეს, სადაც გაიხედავ, ყველგან „ქეთო და კოტეა“ - ქუთაისისა და თბილისის ოპერის თეატრებში. 29 ნოემბერს კი პირველად თბილისის ვანო სარაჯიშვილის სხელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საოპერო სტუდიაში გაცოცხლდა ვიქტორ დოლიძის ეს ოპერა, რომელიც საყოველთაო დღესასწაულად იქცა.
კომიკური ოპერა სამ მოქმედებად - არადა, როგორი ნაცნობია თემაც, მუსიკაც, ამ პერიოდის თბილისის ზოგისთვის მისაღები და ზოგისთვის მიუღებელი კოლორიტი კინტოებითა და ყარაჩოხელებით, არღნითა და ზურნით, მაჭანკლებითა და ვაჭრებით, გაკოტრებული თავადებითა და ახალგაზრდა ინტელიგენციით... მაგრამ ეს სტერეოტიპები ქართველ მაყურებელს, ძირითადად, ფილმის გავლენით ჩამოუყალიბდა.
როცა კომედია იდგმება საოპერო სცენაზე, იმთავითვე ჩნდება ხასიათის პრობლემა. ტრადიციულ აკადემიურ საოპერო მანერას შეჩვეულ შესრულებას უნდა ჩაენაცვლოს ვოკალისა და ხასიათის სინთეზი - ეს არ არის ადვილი თვით საოპერო თეატრებისთვისაც კი, მაგრამ ის, რაც მოხდა კონსერვატორიაში, იყო იშვიათი შემთხვევა, როცა სცენაზე და დარბაზში გაცოცხლდა კოლორიტი ეპოქისა, სურნელი მოეფინა იმ ყოფისა, რომელიც ახლა მხოლოდ მოგონებად შერჩა თბილისურ ცხოვრებას, თუ კიდევ არსებობს ასეთი ფენომენი. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ლელა გვარიშვილის რეჟისურამ, ბრწყინვალედ დადგმულმა მიზანსცენებმა ცხოველი ინტერესი აღუძრა თავად ამ ოპერის მიმართ სკეპტიკურად განწყობილებსაც კი. ასეთი აღფრთოვანებული დარბაზი იშვიათად ახსოვს ამ სცენას.
არ ვარ დიდად მოხიბლული თანამედროვე თეატრებში პარტერის ათვისების მომაბეზრებელი გადაწყვეტით. ზოგჯერ მსახიობები ლამის თავზე გვახტებიან მაყურებლებს, მაგრამ ამ შემთხვევაში რეჟისორმა ისეთი სიფაქიზითა და თანაგანცდით გაამთლიანა სცენა და დარბაზი, რომ ყველას მხოლოდ ბედნიერების ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. ლ. გვარიშვილმა სრულად აითვისა სცენა და ავანსცენა, პარტერი, თავისი ორივე შემოსასვლელით, და იარუსის ლოჟაც კი. ამ ჩანაფიქრს ის მნიშვნელოვანი შედეგიც ჰქონდა, რომ კონსერვატორიის პირველ-მეორე კურსელებს მიეცათ იმპროვიზაციის შესაძლებლობა. მართალია, „ქეთო და კოტეს“ ბრწყინვალე უვერტიურას - ჰრამონიად დაღვრილს, თითქოს ხელს უშლიდა მათი ხმაური დარბაზში, მაგრამ დისონანსი არ შემოუტანია - ყველაფერი ძველი თბილისის ესთეტიკაში იჯდა. XIX საუკუნის მიწურულის ავლაბარი სცენაზე ცოცხლდებოდა რეპლიკებში სომხური ფრაზებით, ხოლო სპექტაკლის დასაწყისიდანვე ფიროსმანის მეეზოვის შემოსვლას უკვე გადაჰყავდი გარდასულ დროში.
სპექტაკლმა მოიგო იმითაც, რომ რეპლიკები, ძირითადად, გათამაშდა სცენაზე. ზოგი მათგანი პირდაპირ ფილმიდან იყო გადმოღებული. საოპერო სპექტაკლში დრამატული თეატრის ელემენტების ასეთი დოზით შემოჭრის პრეცედენტს ვერ ვიხსენებ, მაგრამ ამ შემთხვევაში გამართლებული იყო რეჟისორის ეს გადაწყვეტაც, რადგან ცოცხალს, უფრო გასაგებს ხდიდა მოქმედებას სცენაზე, ნიუანსებით ამდიდრებდა წარმოდგენას. ლელა გვარიშვილის ამ ჩანაფიქრმა, ლეგენდარული ფილმის გადაძახილთან ერთად, გამოკვეთილად კოცეპტუალური დატვირთვა შესძინა სპექტაკლს.
„ახალი მწვანილი, ახალი მწვანილი, იყიდეთ მწვანილი“ - ჩამომიქორლა ცქრიალა გოგონამ (ისე, სჯობდა ეთქვა, ქორფა მწვანილიო). ძველია-მეთქი ეს მწვანილი - საგანგებოდ გამოვიწვიე დიალოგში. არ დაიბნა - ახალია, ახალი, ამ დილით დავკრიფეო - მომაძახა. აი, ასეთი გააზრებული ჰქონდათ ამ ანც გოგო-ბიჭებს თავიანთი როლი და ადგილი სპექტაკლში.
საოპერო ესთეტიკას შეჩვეული მაყურებლისთვის გუნდის მომღერლებს საკმაოდ სტატიკური ფუნქცია აქვთ მასიურ სცენებში. ამ სპექტაკლში კი ყველა რაღაცას აკეთებს, ყველას თავისი საქმე და საფიქრალი გასჩენია. კიდევ ერთი რეჟისორული გამარჯვება - ქორეოგრაფიულ ნომრებს დრამატურგიული დატვირთვა მიენიჭა და სრულიად მოულოდნელად კონსერვატორიის ბაკალავრიატის II კურსის სოლო სიმღერის მიმართულების სტუდენტები აცეკვდნენ სცენაზე. მათ შეასრულეს „მაზურკა“ და ისეთი პლასტიკური ნახაზი შექმნეს, ისეთი სახალისო და სახასიათო, რომ ოვაციებისაგან ლამის ჩამოინგრა დარბაზი. ასევე, საინტერესოდ გადაწყვიტა რეჟისორმა ბაბუცის გაყვანა სცენიდან. მისი ჩართვა ცეკვა „ქართულში“ ბრწყინვალე იუმორისტული მიზანსცენა იყო. ბარემ აქვე ვიტყვით, რომ შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული მიმართულების სტუდენტებს კიდევ ბევრი მუშაობა დასჭირდებათ, რათა მათ მიერ შესრულებულ ცეკვებს ხარისხის ნიშანი ეტყობოდეს.
სოციალური პორტრეტების მრავალფეროვნებით გამოირჩევა „ქეთო და კოტე“: წუწურაქი და ხარბი მაკარი (გოჩა დათუსანი), ას თუმანდაკარგული ბაბუცი (ვარდუი პოზოიანი ), საინტერესო მარო - თამარ ოთანაძე და ტიმოთე - ვაჟა ლაზარიშვილი. როგორც ვიქტორ დოლიძის ოპერაში, ასევე ავქსენტი ცაგარელის “ხანუმაში“, ძალიან სქემატურია მთავარი გმირების სახეები. ამიტომ, მთელი სპექტაკლის განმავლობაში თავიანთი შესაძლებლობის მაქსიმუმს ავლენენ სიფრიფანა, ოდრი ჰეპბერნისეული იშვიათი გარეგნობის პირმშვენიერი რომანტიკული ქეთო, ლამაზი, სუფთა ტემბრით (მარიამ წიკლაური) და დაბნეული კოტე (გიორგი ბეროშვილი) თავისი რბილი ხმით, მაცდური ღიმილითა და სიყვარულზე ნოსტალგიით.
საოპერო სტუდიისთვის დიდი ბედნიერებაა ახალი სახეების, ზოგადად, ნიჭის გაბრწყინება. გამორჩეულად დასამახსოვრებელი სახეები შექმნეს ლევანის, ბარბალესა და საქოს როლის შემსრულებლებმა.
ლევანის როლი ოსტატურად მოირგო ლექსო კაპანაძემ. პირველ მოქმედებაშივე შორიდან მოგვესმა ლაღალი და მხიარული ხმა, ლამაზი ტემბრითა და კარგი ფრაზირებით გამორჩეული. მისი დასამახსოვრებელი ფაქტურა, თავადური მანერები ბუნებრივად ერწყმოდა სამსახიობო ანსამბლს.
ხასიათს მორგებული დიდი და ძლიერი ხმა შეიძლება ვუწოდოთ ბარბალეს როლის შემსრულებელს. ბარბარე საგანელიძეს ზუსტად ესმოდა, რას აკეთებდა სცენაზე და თავსი სათქმელი უხარვეზოდ მოჰქონდა მაყურებლამდე. ერთი რამ კი იყო სასურველი: მაშინ, როცა თავადი ლევანი ასე მოუთმენლად ელის ქეთოს შემოსვლას და მის ნაცვლად მანჭვა-გრეხით ბარბალე შემოჯლიგინდება, უმჯობესია, მაყურებელზე კოორდინაციის ნაცვლად, ლევანისკენ იყოს მიმართული მისი ყველა მოძრაობა და ქმედება.
ბეწვის ხიდზე იარა საქოს როლის შემსრულებელმა ირაკლი აბაშიძემ. მან გააცოცხლა ნამდვილი კინტო (და არა ყარაჩოხელი, მათ შორის დიდი სხვაობაა), ამიტომ ზოგს ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, თითქოს ზედმეტად უტრირებული იყო მისი თამაშის მანერა. სცენაზე საქოსა და სიკოს (ბიჭი ბეჟიტაშვილი) შორის კონტრასტი დაიბადა - საქო ნამდვილი კინტო და სიკო - ყარაჩოხლურისკენ გადახრილი, უფრო თავშეკავებული და ზომიერი. რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია ამ გამორჩეულად სახასიათო რლების შესრულება, მით უფრო მაშინ, როცა არსებობს კინოშედევრში ორი თვითნაბადი ტალანტის მიერ ნათამაშების მწვავე ხსოვნა და არც ისაა გასაკვირი, თუ მათი გავლენაც ასე საგრძნობია.
დარწმუნებული ვარ, ამ სპექტაკლმა მომავალ საოპერო მომღერლებს მკაფიოდ უთხრა, რომ, რა თქმა უნდა, წარმატებისთვის აუცილებელია მუსიკალური პარამეტრების სრულად და ორგანულად ფლობა, თუმცა ეს არ არის საკმარისი დიდი კარიერისთვის, თუ ტალანტს მსახიობის ოსტატობა არ შეეხიდა.
მთლიანად სპექტაკლი მუსიკალურად კარგად იყო შეკრული. ყველაფერს ემჩნეოდა დამდგმელი დირიჟორის, მაესტრო პაპუნა ღვაბერიძის, ხელი. ნეიკო ნეიძის მხატვრობამ კი, ძველი თბილისის კოლორიტთან ერთად, დახვეწილი და ნაზი ანტურაჟი შეუქმნა სპექტაკლს.
ბედნიერებაა, როცა მომავალი თაობა ასე წარმატებულად შედგამს ფეხს სცენაზე. ეს დიდი, რთული და საინტერესო გზის დასაწყისია, მაგრამ ისეთი დებიუტია ქართულ ოპერაში, ნათელ პერსპექტივას რომ ბადებს. ასეთი დღესასწაულისათვის კი ნამდვილად ღირს საოპერო მომზადების კათედრის ამდენი შრომა და მცდელობა!