რუსმა ფერმერებმა "ფეხი აუწყვეს" ტექნოლოგიურგი განვითარების გლობალურ ტენდენციებს და გადაწყვიტეს ძროხების განწყობის გაუმჯობესებისა და წველადობის ზრდის მოტივით, ვირტუალური რეალობის VR სათვალეები გამოიყენონ.
ვირტუალური რეალობის სათვალეების გამოყენების გამოცდა უკვე დაიწყეს მოსკოვის რეგიონის ფერმებში.
მოსკოველი ფერმერების ამ "ინოვაციური გადაწყვეტილების" განმარტებისას მოსკოვის რეგიონის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო აცხადებს:
"ფიზიკური მოთხოვნილებების გარდა, მკვლევარებმა დაიწყეს ცხოველების ემოციურ მდგომარეობისთვის უფრო მეტი ყურადღების დათმობა. სხვადასხვა ქვეყნის რძის მეურნეობების მაგალითები აჩვენებს, რომ მშვიდ ატმოსფეროში მნიშვნელოვნად იზრდება რძის რაოდენობა და ზოგჯერ ხარისხიც კი".
როგორც მოსკოვის რეგიონის სოფლის მეურნეობის სამინისტრო იტყობინება, ვირტუალური სათვალეების პირველმა ტესტირებამ ძროხების შფოთვის შემცირება და ნახირის საერთო ემოციური განწყობის ზრდა აჩვენა.
სამინისტრო ამბობს, რომ ვირტუალური სათვალეების გავლენა ძროხების წველადობის რაოდენობის გაზრდაზე უფრო ხანგრძლივ დაკვირვებას საჭიროებს.
ვირტუალური რეალობის სათვალეებში ინტეგრირებულია სხვადასხვა ვიზუალური და აუდიო მასალას. მაგალითად, მზით გაჩახჩახებული ცვრიანი ბალახით აბიბინებული მინდვრები.