შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კონგრესში საიმპიჩმენტო მოსმენაზე მიიწვიეს, რომელიც 4 დეკემბერს არის დაგეგმილი. ამის შესახებ ნათქვამია კონგრესის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ჯეროლდ ნადლერის პრეზიდენტისადმი წერილში. იტყობინება BBC-ი.
მანამდე ტრამპი ამბობდა, რომ ის არ გამორიცხავდა კონგრესში საიმპიჩმენტო მოსმენაზე დასწრებას.
"თუ გსურთ მოსმენაზე დასწრება, გთხოვთ, აღნიშნულთან დაკავშირებით აცნობოთ კომიტეტს დროის უმოკლეს მონაკვეთში, მაგრამ არაუგვიანეს 2019 წლის 1-ლი დეკემბრისა", - აღნიშნულია ნადლერის წერილში.
იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე სთხოვა ტრამპს, დაასახელოს ადვოკატის ვინაობა, რომელიც პრეზიდენტს წარადგენს კომიტეტის სხდომაზე.
საიმპიჩმენტო მოსმენაზე დასწრების შემთხვევაში, დონალდ ტრამპს შესაძლებლობა ექნება, მოწმეებს შეკითხვები თავადაც დაუსვას.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის ფორმალური პროცედურის დაწყება 25 სექტემბერს გამოაცხადა. აღნიშნული პროცედურის დაწყებას საფუძვლად დაედო დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბარი.
დემოკრატები ცდილობენ, დაადგინონ, გამოიყენა თუ არა ტრამპმა ძალაუფლება ბოროტად, როდესაც ვოლოდიმირ ზელენსკის თავისი პოლიტიკური მეტოქის, ჯო ბაიდენის შვილის ბიზნეს-საქმიანობის გამოძიება სთხოვა.
გარდა ამისა, საიმპიჩენტო გამოძიების ფარგლებში, გამოძიებას სურს გამოიკვლიოს, სატელეფონო საუბარი და ბაიდენის ვაჟის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნა, იყო თუ არა კავშირში უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერებასთან.