საქართველოს თავდაცვის ძალების მე-4 მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონი ავღანეთის ისლამური რესპუბლიკიდან სამშობლოში სრული შემადგენლობით გვიან ღამით დაბრუნდა. ქვედანაყოფმა მისია უდანაკარგოდ შეასრულა და როტაციის წესით უფლებამოსილება პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონს გადააბარა.
სამხედრო მოსამსახურეებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის შტაბის უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი რობერტ არღვლიანი და მე-4 მექანიზებული ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი ვეფხია ჩალაბაშვილი დახვდნენ და მშვიდობისმყოფელებს მისიის წარმატებით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადეს.
43-ე ბატალიონი ვიცე-პოლკოვნიკ ლაშა დავითაძის მეთაურობით, ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე "მტკიცე მხარდაჭერის" მისიას 7 თვის განმავლობაში აშშ-ის სარდლობის დაქვემდებარებაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ასრულებდა.
ქართველი მშვიდობისმყოფელების ამოცანას ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენდა.
საქართველოში სრული შემადგენლობით დაბრუნდა, ასევე, მე-3 ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული მაიორ ხვიჩა ნიგურიანის მეთაურობით, რომელიც "მტკიცე მხარდაჭერის" მისიას ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ასრულებდა.