ღმერთმა დალოცოს ბიძინა ივანიშვილი და შეაძლებინოს მომავალშიც ღვთისა და მამულის ერთგული მსახურება - სამების საკათედრო ტაძარში, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებულ ლიტურგიაზე, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა ბიძინა ივანიშვილი დალოცა.
მეუფე დანიელმა მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს, რადგან "ის ნაკლოვანება, რაც გააჩნდა [სამების] მშენებლობას, შეავსო და დაასრულა, დააგვირგვინა ეს დიდი ისტორიული მოვლენა".
"ძალიან რთული იყო, ყველა ცდილობდა რაღაც შეეწირა, მაგრამ არ იყო საკმარისი. არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, რომ რთულ მომენტში, როდესაც უნდა გადაწყვეტილიყო ერის სულიერი გამთლიანების სიმბოლო უნდა გამხდარიყო სამება და თუ ეს ტაძარი ვერ აშენდებოდა, ჩვენი ერის ერთობა სარწმუნოებაში ჯერ კიდევ არ იქნებოდა გაცნობიერებული, არ იქნებოდა რეალური ხელშესახები მოვლენა. ნამდვილად არ შეიძლება არ ვუთხრათ მადლობა პიროვნებას, რომელმაც ის ნაკლოვანება, რაც გააჩნდა მშენებლობას, შეავსო და დაასრულა, დააგვირგვინა ეს დიდი ისტორიული მოვლენა. ეს პიროვნება არის ბიძინა ივანიშვილი, ღმერთმა დალოცოს იგი და შეაძლებინოს მომავალშიც ღვთისა და მამულის ერთგული მსახურება. მადლობა უფალს ამ დიდი წყალობისათვის", - განაცხადა მეუფე დანიელმა.
მეუფე დანიელის ქადაგებას საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" ავრცელებს.