ფოთში საზღვაო აკადემიის მშენებლობა იწყება. ჰიდრომელიორაციული ტექნიკუმის ყოფილ შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ინფორმაციას ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია ავრცელებს.
პროექტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას უკვე გადაეცა. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი და კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული საზღვაო აკადემიის ფილიალი გაიხსნება.
"საქართველოში საზღვაო განათლებას საფუძველი ფოთში ჩაეყარა და დღეს, მე ბედნიერი ვარ, რომ ჩვენს ქალაქში საზღვაო სწავლების ტრადიცია ბრუნდება. ახალი სასწავლებლის დაფუძნება ფოთს განვითარების ახალ შესაძლებლობას მისცემს. ახალგაზრდები ხარისხიან განათლებას საკუთარ ქალაქშივე მიიღებენ და პროფესიონალებად ჩამოყალიბდებიან.
საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან სასწავლებლად ჩამოსული სტუდენტებისთვის თანამედროვე საცხოვრებელი მოეწყობა", - აღნიშნავს ირაკლი ხახუბია თავის განცხადებაში.
საზღვაო აკადემიის სარემონტო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება და იგი 2020 წლის ბოლომდე დასრულდება. ისტორიული შენობის აღდგენის სამუშაოების ღირებულება 5 876 124 ლარით განისაზღვრა. 2021 წელს ქალაქში ახალი სასწავლებელი, საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალი ამოქმედდება.



