დღეს, 20 ნოემბერს ბრიუსელში ნატოს მინისტერიალი გაიმართება.
ჩინეთის პოზიციების გაძლიერება, შეიარაღების კონტროლის მომავალი, რუსეთთან ურთიერთობა და სხვა საკითხები იქნება ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის მთავარი თემა.
მინისტერიალის ფარგლებში იმსჯელებენ ასევე ნატოს სამიტის შესახებ, რომელიც ლონდონში 4-5 დეკემბერს უნდა გაიმართოს.
როგორც ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ჰაერთან, ხმელეთთან და ზღვასთან ერთად, ოპერაციულ სფეროდ კოსმოსსაც დაასახელებს.
"ალიანსის მიდგომა კოსმოსთან მიმართებით იქნება თავდაცვითი. კოსმოსში იარაღის განთავსებას არ ვაპირებთ", - დასძენს სტოლტენბერგი.
მინისტერიალზე შესაძლოა განხილვის საგანი გახდეს საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადება ნატოს "ტვინის მოკვდინებასთან" დაკავშირებით, რომელსაც ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერების უმეტესობა გაემიჯნა.
ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში, ბრიუსელს ეწვევა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი.
ზალკალიანი ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან, მირჩა ჯოანთან, ასევე ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრებს გამართავს.
შეხვედრებზე განიხილება ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დღის წესრიგის საკითხები, ასევე არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში მიღწეული პროგრესი და ყურადღება გამახვილდება რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე.
"ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის პარალელურად ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ორმხრივი შეხვედრების გამართვა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებზე დიალოგს, რაც თავის მხრივ აახლოებს ჩვენს ქვეყანას ნატო-ში გაწევრიანების საბოლოო მიზნის მიღწევასთან", - აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.