საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი წუხილს გამოთქვამს შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს შორის კოორდინაციის არარსებობის გამო.
გავლენიან ბრიტანულ გამოცემა Economist-თან საუბრისას, ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ნატო ამჟამად "ტვინის სიკვდილს" განიცდის.
"ჩვენ ახლა ნატოს ტვინის სიკვდილის მოწმე ვართ", - თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
როგორც ემანუელ მაკრონი ამბობს, ის ხედავს თუ როგორ შორდებიან ერთმანეთს ძირძველი მოკავშირეები - შეერთებული შტატები და ევროპა.
"სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებისას კოორდინაცია არ არსებობს შეერთებულ შტატებსა და ნატოს მოკავშირეებს შორის. ის იქ არ არის.
ნატოს კიდევ ერთი წევრი, თურქეთი კი აგრძელებს არაკოორდინირებულ, აგრესიულ მოქმედებებს იმ რეგიონში [სირია], რომელიც ჩვენი ინტერესების სფეროა", - დასძენს მაკრონი.
ემანუელ მაკრონის თქმით, ევროპა ამჟამად დიდი განსაცდელის წინაშე დგას და მან უნდა დაიწყოს ფიქრი, როგორც გეოპოლიტიკურმა ძალამ, საკუთარი სტრატეგილი მომავლის შესახებ.
"წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ ჩვენ ბედს", - ამბობს მაკრონი.