თბილისის მერის ინიციატივით მომავალი წლიდან ამოქმედდება ახალი პროგრამა, რომელიც სოციალურად დაუცველ ოჯახში ერთი წევრის დასაქმებას ითვალისწინებს.
ამის შესახებ თბილისის მერმა გიგი უგულავამ დღეს სოციალურად დაუცველი მაისურაძეების ოჯახის მონახულებისას განაცხადა.
უგულავას განცხადებით საკითხზე მერია კერძო სექტორთან ერთად მუშაობს და აღნიშნული ინიციატივა პრობლემას სისტემურად მოაგვარებს.
"ჩვენ კერძო სექტორთან ერთად გვინდა შევიმუშავოთ პროგრამა, იმისათვის, რომ სოციალურად დაუცველ ოჯახში ერთი ადამიანი მაინც იყოს დასაქმებული. ეს ეხება ასევე მრავალშვილიან ოჯახებსაც. თბილისში არის 1600 მრავალშვილიანი სოციალურად დაუცველი ოჯახი. თუჩვენ მოვახერხეთ, რომ ერთი კაცი მაინც დავასაქმეთ თითოეული ოჯახიდან, ეს სისტემურად მოაგვარებს პრობლემას", _ განაცხადა გიგი უგულავამ.
გიგი უგულავამ ვაზისუბანში სოციალურად დაუცველ მაისურაძეების ოჯახს ერთჯერადი ათას ლარიანი დახმარება გადასცა. მაისურაძეების რვასულიან ოჯახში ხუთი ბავშვია, რომელთაგან სამი ინვალიდის სტატუსით სარგებლობს. მერია თითოეულ ბავშვზე 20 ლარს გასცემს. ოჯახი ასევე იღებს 150 ლარიან ვაუჩერს ელექტროენერგიის საფასურის დასაფარავად.