საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს - სსიპ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ხანდაზმულთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს.
მათი განცხადებით, 2010 წლის 29 სექტემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის 20:00-საათიან საინფორმაციო გამოშვება "მოამბეში" გავიდა სიუჟეტი, რომელიც ეხებოდა დანიური არასამთავრობო ორგანიზაციიდან "საქართველოს მეგობრები დანიასა და სამხრეთ სლესვინგში" მიღებული ჰუმანიტარული ტვირთის განაწილებას.
სსიპ "შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ხანდაზმულთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მომსახურების სააგენტო" მიიჩნევს, რომ სიუჟეტში გასული ინფორმაცია შემლახველია სააგენტოს პატივის, ღირსებისა და საქმიან რეპუტაციისთვის და არ ასახავს საქმის ნამდვილ ვითარებას. სააგენტოს აქვს აღნიშნული ტვირთის მიღებისა და განაწილების სრულყოფილი დოკუმენტაცია, რის შესახებაც ცნობილია ჰუმანიტარული ტვირთის გამომგზავნი ორგანიზაციისთვისაც.
სააგენტო აპირებს თავისი პირადი არაქონებრივი უფლებების დასაცავად სასარჩელო განცხადებით მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს სიუჟეტში გასული პატივისა და ღირსების შემლახავი ცნობების უარყოფა და ბოდიშის მოხდა.