კულტურული ძეგლების და ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტების ხელახალი რეგისტრაციის ვადა 2012 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდება. ამის შესახებ დღეს განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს. კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილის, მაკო ჭოღოშვილის თქმით, საქართველოში სულ 4000 ძეგლია რეგისტრირებული.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მათ ხელახალ რეგისტრაციას ახორციელებს, რაც საკმაოდ შრომატევადი პროცესია. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ხათუნა ოჩიაურის განმარტებით, ხელახალი რეგისტრაციის დროს ძეგლის სტატუსი მიენიჭება მხოლოდ იმ ობიექტს, რომელიც აღნიშნულ სტატუსს ნამდვილად იმსახურებს.
"კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების თანახმად, სააღრიცხვო ბარათი, რომელიც არის ძეგლის ან კულტურული მემკვიდრეობის იდენტიფიკაციისთვის აუცილებელი ზოგადი ინფორმაციის შემცველი დოკუმენტი, მინისტრის ბრძანებასთან ერთად აღარ გამოქვეყნდება.
მაკო ჭოღოშვილის თქმით, თითოეული გვერდის გამოქვეყნების ღირებულება 20 ლარს შეადგენს. "ეს არის სრულიად ზედმეტი პროცედურა, რომელიც დამატებით ხარჯებს იწვევს და კარგი იქნება, თუ ამ ცვლილების შედეგად წარმოქმნილი დანაზოგი ძეგლთა ინვენტარიზაციას მოხმარდება", _ განაცხადა მინისტრის მოადგილემ.