25-29 ოქტომბერს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს საჯარო სკოლებში აკაკი წერთლის 170-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული ჩატარდება. კვირეულის ფარგლებში სკოლები დაგეგმავენ და განახორციელებენ სხვადასხვა აქტივობებს, მათ შორის გაიმართება თხზულებების კონკურსი რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ VIII-XII კლასის მოსწავლეები. კონკურსი განხორციელდება 3 ეტაპად: სასკოლო, რეგიონული და დასკვნითი ტურები. კონკურსის შესახებ განცხადება განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ დღეს, პირველ საჯარო სკოლაში სტუმრობისას გააკეთა
"წელს ქართველი ერი უდიდესი მგოსნის აკაკი წერეთლის 170-ე წლის იუბილეს აღნიშნავს. მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა გაითავისონ მისი როლი ქართული ცნობიერების თავისუფლებისკენ სწრაფვის იდეის ჩამოყალიბების პროცესში. აკაკის შემოქმედება მთლიანად გამსჭვალულია თავისუფლებისკენ სწრაფვაში, რაც ერთ ფრაზაში ,,სჯობს მონობაში გადიდკაცებულს, თავისუფლების ბრძოლაში მკვდარი'' გამოიკვეთა. კონკურსიც სწორედ ამ თემატიკას მიეძღვნა'', - აღნიშნა კოკა სეფერთელაძემ.
კონკურსის საწყისი ეტაპი პირველი ოქტომბრიდან რვა ოქტომბრამდე საჯარო სკოლებში ჩატარდება, შემდეგ 22-27 ოქტომბერს გაიმართება რეგიონალური და დასკვნითი ტურები.
რეგიონალურ კონკურსში გამარჯვებული თხზულებების ავტორებს სერტიფიკატები, ხოლო საბოლოოდ გამარჯვებულ სამ მოსწავლეს სერტიფიკატებთან ერთად ფულადი პრიზები გადაეცემათ: I ადგილზე გასულ მოსწავლეს - 700 ლარი, II ადგილზე გასულს - 500 ლარი, III ადგილის მფლობელს კი 300 ლარი.
გამარჯვებულების საზეიმო დაჯილდოვება აკაკი წერეთლის სახლმუზეუმში სოფელ სხვიტორში გაიმართება.