იაპონიაში, ქალაქ იოკოჰამაში დასრულდა რაგბის მსოფლიო თასის ფინალური მატჩი. ერთმანეთს ინგლისისა და სამხრეთ აფრიკის გუნდები ხვდებოდნენ.
ინგლისელებმა მეოთხედფინალში ავსტრალია 40:16, ხოლო ნახევარფინალში ახალი ზელანდია 19:7 დაამარცხეს.
სამხრეთ აფრიკა კი ფინალურ ეტაპზე იაპონელებთან 26-3 ტრიუმფისა და უელსელების 19-16 გამარჯვებით მოხვდა.
ფინალური მატჩი, საკმაოდ დაძაბული გამოდგა. პირველი ტაიმი 6:12 სამხრეთ აფრიკის სასარგებლოდ დასრულდა.
მეორე ტაიმში 65-ე წუთისთვის ანგარიში 12-18 იყო სამხრეთაფრიკელთა სასარგებლოდ, თუმცა 66-წუთზე აფრიკელმა „ქურციკებმა“ თამაშში გარდატეხა შეიტანეს და ბურთი ინგლისელთა ჩათვლის მოედანზე დაამიწეს. თამაშის ბედი კი 74-ე წუთზე გადაწყდა. კოლბემ მოხერხებულად გაჭრა ინგლისელთა დაცვა და მეორე ლელო დადო. ამას ზუსტი გარდასახვა მოჰყვა და მატჩის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე ანგარიში, აფრიკელთა სასარგებლოდ, 32:12 გახდა.
რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური თამაში მესამედ სამხრეთ აფრიკის ტრიუმფალური გამარჯვებით დასრულდა. სამხრეთ აფრიკამ მესამედ მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული და ამ მაჩვენებლით ახალ ზელანდიას გაუთანაბრდა. თავად ახალი ზელანდია კი 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.