ქართულ-შვედური ფილმის - და ჩვენ ვიცეკვეთ/And Then We Danced-ის შემოქმედებით გუნდს საქართველოს კულტურის სამინისტრომ დაფინანსებაზე კიდევ ერთი უარი უთხრა. ამის შესახებ ფილმის პროდიუსერი ქეთი დანელია სოციალურ ქსელში წერს.
"თან მეცინება, თან ვბრაზდები ამ წრეზე ბრუნვით. მეორე უარი კულტურის სამინისტროდან. მეორე უარყოფა. რომ მეუბნებიან რატომ თხოვ რამეს, ხომ იცი რომ მაინც არ მოგცემენ, უფრო მეტად ვბრაზდები. უფრო მეტად მინდება ბრძოლა.
არ ვიცი რა უნდა გავაკეთოთ, რომ მიიღონ ეს ფილმი, ძალიან პრინციპულია რომ მიიღონ. ძალიან მეცინება არგუმენტზე, „ეს ხომ არ არის ქართული პროექტი? ხომ შვედეთმა წარადგინა?“. დიახ, ქართულია!!! უნდა მიიღონ ეს მოცემულობა, რომ ქართულია! რაც ფილმში ხდება ყველაფერი ქართულია!! საქართველოზეა, თბილისზეა, ჩვენზეა, ჩვენს მეგობრებზეა, ჩვენს გვერდით რომ ცხოვრობენ იმ ადამიანებზეა. ჩვენს კულტურაზეა - კულტურის სამინისტროვ. "მანდარინებიც" ესტონეთმა წარადგინა ოსკარზე, მაგრამ დავაფინანსეთ. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი და როგორ. დავაფინანსეთ, მივიღეთ და ძალიან გვიხაროდა ყველას ქართული კინო ოსკარზე!
ეხლა ყველაზე გადამწყვეტი ეტაპია ფილმისთვის - წინასაოსკარე კამპანია. რომელშიც უამრავი შრომა, ენერგია და ფინანსებია ჩადებული. სხვადასხვა ქვეყნებში იმართება სპეციალური ჩვენებები კინოაკადემიის წევრებისთვის. ხომ წარმოგიდგენიათ ერთი სეანსის მოწყობაც კი რამხელა რესურსს მოითხოვს, თუნდაც საქართველოში, ჰოდა ასეთი ძალიან ბევრი ჩვენებაა უკვე გაკეთებული მსოფლიოს მასშტაბით და კიდევ ბევრი დაგეგმილი. ამ ყველაფერზე არავის ვაწუხებთ, მართლა გაგებით ვეკიდებით)) მგონი, 50 ფესტივალზე ვიყავით და არც ერთხელ სამგზავრო გრანტი, ან სხვა აქტივობის დაფინანსება არ მოგვითხოვია.
მთელი ამ მსოფლიო კამპანიის ფარგლებში, ერთადერთი რაც ვითხოვეთ, ლოს-ანჯელესში დაგეგმილ ძალიან მნიშვნელოვან ჩვენებაზე და მიღებაზე, (სადაც აუცილებლად უნდა იყოს ჯგუფი) 4 ბილეთი და ქართული სასაჩუქრე სუვენირების შეძენა იყო. 4 ბილეთი და ქართული სასაჩუქრე სუვენირები))
ახლა, ველოდებით კინოცენტრს, რომელიც ცდილობს თანხა გამოძებნოს", - წერს ქეთი დანელია.
ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა ქართველი მოცეკვავის მერაბის შესახებ, რომლის ცხოვრება მას შემდეგ იცვლება, რაც თავისივე მეტოქე ბიჭი შეუყვარდება.
წარმოშობით ქართველი რეჟისორის ლევან აკინის ფილმის - და ჩვენ ვიცეკვეთ/And Then We Danced - მსოფლიო პრემიერა კანის ფესტივალზე გაიმართა, სადაც კინოკრიტიკოსთა მოწონება და მაღალი შეფასება დაიმსახურა.
"ფილმის სიუჟეტი ინსპირირებულია რეალური ადამიანების ცხოვრებითა და საქართველოში მიმდინარე მოვლენებით. იგი გვიჩვენებს საქართველოს რეალობას და ისტორიას ფართო კონტექსტში. ეს არის გულწრფელი ფილმი თავისუფლების მნიშვნელობაზე", - აცხადებს ლევან აკინი.
ფილმი ოდესის კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა, მთავარი როლის შემსრულებელი ლევან გელბახიანი კი საუკეთესო მსახიობად დასახელდა.
გარდა ამისა, ბოსნია და ჰერცეგოვინაში ლევან გელბახიანს გადაეცა კინოფესტივალის პრიზი „სარაევოს გული“, რომელიც 2019 წლის 16-23 აგვისტოს გაიმართა.
"და ჩვენ ვიცეკვეთ“ შვედეთის სახელით ამერიკის კინოაკადემიის უმაღლეს ჯილდოზე გაიგზავნება.
ვალიადოლიდის საერთაშორისო კინოფესტივალზე, ახალგაზრდა ქართველმა მსახიობმა ლევან გელბახიანმა ფილმში და ჩვენ ვიცეკვეთ/And Then We Danced მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ჯილდო მიიღო. ნათქვამია კინოფესტივალის ფეისბუკგვერდზე.
ფილმი და ჩვენ ვიცეკვეთ/And Then We Danced კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში იყო წარმოდგენილი.
დღეს, 30 ოქტომბერს, გახდა ცნობიბილი, რომ ფილმი "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩიკაგოს კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა.