დიდმა ბრიტანეთმა განაცხადა, რომ "გაერთიანებული საექსპედიციო ძალების" (JEF) ფარგლებში თავისი ბირთვული დაცვას ცხრა პარტნიორ ქვეყანაზე გაავრცელებს. ფინური გამოცემა Iltalehti-ის ინფორმაციით, ნოემბერში კოალიციის მონაწილეები საბრძოლო დანაყოფების შექმნის შესახებ შეთანხმებას ხელს მოაწერენ.
დიდი ბრიტანეთი ფინეთს, დანიას, ესტონეთს, ისლანდიას, ლატვიას, ლიეტუვას, ნიდერლანდებს, ნორვეგიასა და შვედეთს JEF-ის ახალი საბრძოლო ძალების ფარგლებში საკუთარ ეროვნულ ბირთვულ დაცვას სთავაზობს. შესაბამისად, მომავალში ბირთვული შეკავება მხოლოდ ნატო-ს ბირთვული თავდაცვის სისტემის მეშვეობით აღარ განხორციელდება.
ბრიტანეთის ბირთვულ დაცვაში საკვანძო როლს ატომური წყალქვეშა ნავები ასრულებენ.
„ფინეთი ბირთვული ქოლგის ქვეშ იმყოფება. ამას ჩვენი წყალქვეშა ნავები უზრუნველყოფენ, რომლებიც სწორედ ახლა ატლანტის ოკეანეში პატრულირებენ“, - განაცხადა ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურმა გვინ ჯენკინსმა ფინეთში ვიზიტის დროს.
"გაერთიანებული საექსპედიციო ძალების" მონაწილე ქვეყნები საბრძოლო დანაყოფების შექმნის შესახებ შეთანხმებას ნოემბერში ხელს მოაწერენ.
ფინეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, თავდაცვის მინისტრი ანტი ჰაკკანენი სამშაბათს კომიტეტის წინასწარ მოსმენას გამართავს JEF-ის მოახლოებულ შეხვედრასთან დაკავშირებით.
"გაერთიანებული საექსპედიციო ძალები" (JEF) 10 ევროპული ქვეყნისგან შემდგარი მრავალეროვნული კოალიციაა, რომელსაც დიდი ბრიტანეთი ხელმძღვანელობს. ის ჩრდილოეთ ევროპაში, ბალტიის ზღვის რეგიონში, არქტიკასა და ჩრდილოეთ ატლანტიკაში საფრთხეებზე ოპერატიული რეაგირებისთვის შეიქმნა.
დიდი ბრიტანეთი საფრანგეთთან და აშშ-სთან ერთად ნატო-ს წევრ იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორისაა, რომლებსაც ბირთვული იარაღი აქვთ.