დღეს, 30 სექტემბერს, საქართველოს ნოტარიუსთა პალატა სასწავლო ცენტრის პრეზენტაციას გამართავს. პრეზენტაცია სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" გაიმართება.
სასწავლო ცენტრი "ნოტარიატის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე შეიქმნა. მის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას ნოტარიუსის სტაჟიორთა გადამზადება წარმოადგენს.
სასწავლო ცენტრი უზრუნველყოფს ნოტარიუსის სტაჟიორთა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სწავლებას რვა თვის განმავლობაში. სტაჟიორები თეორიულ კურსს გაივლიან სასწავლო ცენტრის ოფისში, სადაც მათ მოწვეული სპეციალისტები წაუკითხავენ ლექციებს, სანოტარო პრაქტიკის გასავლელად სტაჟიორებს სანოტარო ბიუროებში ნოტარიუსებთან მიავლენენ.
ამჟამად გამოცხადებულია ნოტარიუსის სტაჟიორთა კონკურსი, რომლის პირველი ეტაპიც, ტესტირება ზოგად უნარებში 4 ოქტომბერს ჩატარდება.