30 სექტემბრიდან 13 ოქტომბრამდე ძმები ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების მეორე საერთაშორისო ფესტივალი "Festi Nova 2010" ჩატარდება.
ფესტივალში მონაწილეობენ ხელოვანები საქართველოდან უკრაინიდან, ნორვეგიიდან, ჰოლანდიიდან, გერმანიიდან, ავსტრიიდან, საფრანგეთიდან, აშშ-იდან, სომხეთიდან, ლიტვიდან, აზერბაიჯანიდან. მონაწილეები წარმოადგენენ როგორც ინდივიდუალურ ნამუშევრებს, ისე ჯგუფურ, მათ შორის, საერთაშორისო პროექტებს. ფესტივალზე წარმოდგენილია ფოტო, ფოტოკოლაჟი, კინო, სამგანზომილებიანი კინო, ფერწერა, გრაფიკა, კომპოზიცია, მულტიმედიური ხელოვნება, ქანდაკება, პოეზია, კონცეპტუალური ხელოვნება, ინსტალაცია, არტობიექტი, პერფორმანსი და სხვა.
პროგრამის "ახალგაზრდა ქართველი მხატვრები" ფარგლებში გამოიფინება დამწყებ ქართველ ხელოვანთა ნამუშევრებიც. მოეწყობა შეხვედრები ხელოვანებთან, ჩატარდება მასტერკლასები, ლექციები და ვორკშოპები ქართველი სტუდენტებისთვის, საგანმანათლებლო პროგრამა შიდა ქართლში მცხოვრები ახალგაზრდებისა და იძულებით გადაადგილებულ ბავშვთათვის.
ფესტივალი "არტ ვილა გარიყულაში" გაიმართება. ეს არის თანამედროვე ხელოვნების პირველი რეგიონალური ცენტრი საქართველოში, რომელიც განთავსებულია მე-19 საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლში, ე. წ. ბოლგარსკების სასახლეში და მდებარეობს კასპის რაიონის სოფელ გარიყულაში.