2010-2011 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციებში მსოფლიოს წამყვანი დიზაინერები მოდის მიმდევრებს შესაბამის თემატიკას სთავაზობენ. მოდის სამყაროში კვლავ მყარად შენარჩუნებულია სამხედრო-ისტორიული თემატიკა _ მუნდირებისა და ქურთუკების თანამედროვე ვარიანტები.
სეზონის ფავორიტია აგრესიული ლეოპარდი და ზებრა, როგორც ტანსაცმლის, ისე სხვადასხვა აქსესუარის სახით: ფეხსაცმელის, ჩანთების, სამკაულებისა და თეთრეულისაც კი.
სეზონის კოლორიტი და მოულოდნელი სიახლეა ნორვეგიული ჟაკარდი, რომელიც იტალიურმა დუეტმა - დომენიკო დოლჩემ და სტეფანო გაბანამ წარმოადგინა. მივიწყებული ნორვეგიული ორნამენტების პოდიუმზე გამოჩენამ დიდი ხმაური და აჟიოტაჟი გამოიწვია და როგორც მოდის ექსპერტები ვარაუდობენ, ამ კოლექციის წარმატება გარდუვალია.
ხელით ნაქსოვი ტანსაცმელი ყოველთვის კონკურენციის გარეშეა და მას თითქმის ყველა დიზაინერის კოლექციაში შევხვდებით.
ძირითადი აქცენტი კვლავ ქალურობაზეა გადატანილი. თავისუფალი ფორმები, მოცულობა, გამოკვეთილი წელი, მაგრამ ამჯერად, გასული წლებისგან განსხვავებით, განიერი ქამრები შეიცვალა ვიწრო, ნაკლებად გამომწვევი და ელეგანტური დიზაინით.
სეზონზე მოდაშია გრძელი და მოკლე კაბები, თავისუფალი ფორმის, მაღალწელიანი შარვლები. ისევ აქტუალურია ტყავის ან ხელოვნური ბეწვის შორტები, რომელიც მსუბუქი, ჰაეროვანი და ნატურალური შიფონის ქსოვილისგან შეკერილ ბლუზებთან კიდევ უფრო სექსუალურად გამოიყურება.
2010-2011 წელს კვლავ მოდურია კლასიკური ბლეიზერები (გრძელი პიჯაკები) ინგლისური საყელოთი და ტანზე ოდნავ მომდგარი სილუეტით.
ფერთა პალიტრაში რადიკალური ცვლილები არ არის და ყველა საშემოდგომო ფერი აქტუალურად მიიჩნევა, თუმცა გარკვეული უპირატესობა ნაცრისფერს ენიჭება, რადგან იგი უპრეტენზიოა და მასთან სხვა ტანსაცმლის შეხამება გაცილებით იოლია.