თბილისის საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე მამუკა ახვლედიანი, მერიის სარეზერვო ფონდიდან თანხების ხარჯვის არამიზნობრიობაზე, ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ოპოზიციის ბრალდება უსაფუძვლოა.
"სარეზერვო ფონდიდან სხვადასხვა პროექტები ფინანსდება. ოპოზიციის ბრალდება, თითქოს მერიის სარეზერვო ფონდიდან თანხები არამიზნობრივად იხარჯება, თითიდან გამოწოვილი და უსაფუძვლოა. თანხის 70-80 პროცენტი სოციალური პროგრამების დაფინანსებაზეა მიმართული, დანარჩენი კი იმ კულტურულ ღონისძიებებს მოხმარდა, რომლის დაფინანსებასაც მერიამ პრიორიტეტულად მიიჩნია", - განაცხადა ახვლედიანმა.
შეგახსენებთ, რომ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, "რესპუბლიკური პარტიის" წევრმა და საკრებულოს დეპუტატმა თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ ქალაქის მერიის სარეზერვო ფონდიდან თანხების არამიზნობრივად დახარჯვა ხდება.