10 ოქტომბერს თბილისში, ლუბლიანას ქ. #5-ში, პოლონელ თვითნასწავლ მხატვარ ქალთა გამოფენა გაიხსნება. ჯგუფ „K9“-ის წევრები საქართველოს პროექტის - „საქართველოს ქალის ისტორია - ქალთა მხატვრობის ძალა“ - ფარგლებში ეწვივნენ. ისინი ქართველი პროფესიონალი მხატვრების დახმარებით შექმნიან ნახატებს ქართველი ქალების ცხოვრების თემატიკაზე. როგორც პროექტის მონაწილეები აცხადებენ, მათი შემოქმედების ინსპირაცია იქნება ქართველი ქალები - წმინდა ნინო, თამარ მეფე, ქეთევან დედოფალი, სალომე ზურაბიშვილი, ნანი ბრეგვაძე, თამარ გვერდწითელი, სოფიკო ჭიაურელი, ნინო სალუქვაძე ნონა გაფრინდაშვილი.
„რაშია ქალის, ქალურობის ძალა? ის შეიძლება ვეძებოთ სახელმწიფოებრიობაში, ქვეყნისა თუ რელიგიის ისტორიაში, პოლიტიკაში, თუმცა ყველაზე უკეთ იგი ყოველდღიურ ცხოვრებაში იჩენს თავს. უპირველესად კი ქალის ძალა მისავე ბუნებაშია, ეს გაბედულებისა და კეთილგონიერების შერწყმაა, რაც სულიერ ძლიერებაზეა დაფუძნებული და არა ფიზიკურზე“, - აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.
„ჩვენა ვართ ქალები პოლონეთიდან და ბევრი რამ გვაკავშირებს ქართველ ქალებთან - საკულტო პერსონები იქნება ეს, სპორტსმენები თუ არტისტები... თუმცა თქვენ ერთი ნაბიჯით წინა ხართ, რადგან ქალი პრეზიდენტი აირჩიეთ. ჩვენს ერთი შეხედვით უფრო ღია საზოგადოებაში კი, პოლონეთის დემოკრატიის ისტორიაში, ასეთი შემთხვევა არა ყოფილა. აღფრთოვანებულები ვართ და გვსურს ეს ქალური ძალა ისტორიული გადმოსახედიდან წარმოვაჩინოთ“, - აცხადებენ პროექტის მონაწილეები.
ჯგუფის წევრები, თბილისის გარდა, საქართველოს სხვა ქალაქებსაც ეწვევიან.
ჯგუფი „K9“ პოლონელი პენსიონერი ქალებისგან შედგება. ორგანიზაციის მიზანია, ხანშიშესულ ადამიანებს გაუხსნან თვითრეალიზების გზა, რისი საშუალებაც მათ მთელი ცხოვრების განმავლობაში არ მიეცათ. ჯგუფი უკვე 4 წელია ფუნქციონირებს ვადოვიცკის კულტურის ცენტრში, როგორც ხანშიშესულ ადამიანთათვის განათლების მიღების საშუალება პროგრამის - „განათლება მთელი ცხოვრების განმავლობაში“ - ნაწილი.
საქართველოში, ღია ცის ქვეშ შექმნილი ნამუშევრები პოლონურ ინსტიტუტში გამოიფინება. „ეს ინსტიტუტი იმიტომ შევარჩიეთ, რომ დაწესებულებას ჰენრიხ ჰრინევსკის სახელს ვუკავშირებთ. ჰრინევსკი იყო მხატვარი, არქიტექტორი და ხატმწერი, რომელმაც კარგად იცოდა ქართული ხელოვნებისა და არქიტექტურის მნიშვნელობა. იგი ქუთაისში დაიბადა, საქართველოში მცხოვრები პოლონელი ემიგრანტების შთამომავალი იყო. განათლება ევროპაში მიიღო, შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში მუშაობდა. ჰენრიკ ჰრინევსკი, ისევე როგორც არაერთი საზოგადო მოღვაწე, 1937 წელს დააპატიმრეს და დახვრიტეს. რეპრესიები შეეხო მის მეუღლესაც და არაერთ მეგობარს. უმნიშვნელოვანესია მისი მემკვიდრეობა: არქიტექტორ ანატოლ კალგინთან ერთად შექმნა თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის შენობის პროექტი (ამჟამინდელი - საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა). ჰრანევსკის მიერაა გაფორმებული ილია ჭავჭავაძის 1914 წელს გამოცემული თხზულებები. პოლონელი მხატვრის მიერაა შესწულებული ქაშუეთის ეკლესიის კედლის მხატვრობის დიდი ნაწილიც.
ჯგუფის ხელმძღვანელები არიან ანა კოვალსკი და ევა ზალევსკა. ჯგუფს, ასევე, ახლავს პროფესორი მონიკა სლეზინსკა. მონიკა სლეზინსკა ბიალასტოკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის წარმომადგენელია. იგი მუშაობს ლინგვისტიკის მიმართულებით. სლეზინსკას კვლევის თემაა ინგლისური ენა მეცნიერებასა და ტექნიკაში, პრეზენტაციები ინგლისურ ენაზე. საქართველოში სტუმრობის პერიოდში მონიკა სლეზინსკამ ჩაატარა ვორკშოპი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთათვის.