დღეს, 29 სექტემბერს, საერთაშორისო ფესტივალი "ჩვენებურები" დაიწყება.
"ჩვენებურების" მეთორმეტე შეხვედრა სვეტიცხოვლის განახლების 1000 და დაარსებიდან 1700 წლისთავს ეძღვნება.
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ფოლკლორული კოლექტივები, ასევე საოპერო მუსიკის წარმომადგენლები. მისი ყველაზე მნიშვნელოვანი და გამორჩეული ბლოკი იქნება აფხაზეთის ლეგენდარული, ახალგაზრდული, ინტერნაციონალური კაპელის 30 წლის იუბილეს აღნიშვნა თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.
ფესტივალი 29 სექტემბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება და დაგეგმილ ღონისძიებებს თბილისი, ბორჯომი, ქუთაისი, ხოლო დასკვნით წარმოდგენას ბათუმი უმასპინძლებს.
"ჩვენებურების" პირველი კონცერტი კონსერვატორიის დიდ დარბაზში კლასიკური მუსიკის საღამოთი გაიხსნება.
საერთაშორისო ფესტივალის პარტნიორები არიან დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, კულტურის სამინისტრო, აფხაზეთის კულტურისა და განათლების სამინისტრო, თბილისის მერია, ბორჯომის მუნიციპალიტეტი, ქუთაისის მერია, ბათუმის მერია, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ფესტივალი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის კურთხევით იმართება.