ათასობით ადამიანი შეიკრიბა კიევში, მაიდანზე (თავისუფლების მოედანზე), რათა გააპროტესტონ "შტაინმაიერის ფორმულა", რაც აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასის და ლუგანსკის რეგიონებისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებას გულისხმობს.
მაიდანზე შეკრების შემდეგ, აქციის მონაწილეებმა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის რეზიდენციასთან გადაინაცვლეს. აქციის მონაწილეები სკანდირებენ - "არა კაპიტულაციას".
მომიტინგეებს შორის იმყოფება უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, მეუღლესთან ერთად.
აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი ფართომასშტაბიანი საპროტესო აქცია ვოლოდიმირ ზელენსკის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ "შტაინმაიერის ფორმულის" მიღება უკრაინის ეროვნულ ინტერესებს და სუვერენიტეტს ეწინააღმდეგება.
მომიტინგეებს უჭირავთ პლაკატები შემდეგი წარწერებით - "რისთვის დაიღვარა სისხლი?", "არა კაპიტულაციას", "მსახურო, გამოდი, ხალხი გამოვიდა", "უკეთესია აქედან მოუსვა", ასევე პოსტერები უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის გამოსახულებით და წარწერით "ვოვა, გაიქეცი".
აქციის ორგანიზატორები მოუწოდებენ პრეზიდენტ ზელენსკის, რუსეთთან მოლაპარაკებებში არ დათმოს უკრაინის პოზიციები, არ მიიღოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რაიმე სტატუსი და დაიმახსოვროს, რომ რუსეთი აგრესორი სახელმწიფოა.
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს უკრაინის სხვა ქალაქებშიც.
რა არის "შტაინმაიერის ფორმულა?"
"შტაინმაიერის ფორმულა“, რომელიც გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრისა და ამჟამინდელი პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის სახელს ატარებს, გულისხმობს სპეციალური სტატუსის ამოქმედებას უკრაინის თვითგამოცხადებულ დონეცკისა და ლუგანკის რეგიონებისთვის.
სპეციალური სტატუსი ამოქმედდება ამ რეგიონებში ჩატარებული არჩევნების შემდეგ, თუ მას ეუთოს სადამკვირვებლო მისია აღიარებს, როგორც დამოუკიდებელსა და გამჭვირვალეს.