ესპანური კომპანია " ADVERSA+"? საქართველოში 1000 ჰა-მდე ნუშის ბაღის გაშენებას და მომავალში მის 10 000 ჰა-მდე გაზრდას გეგმავს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ნუში კაკლოვნებს შორის მსოფლიო ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია და მისი ფასი ყოველწლიურად იზრდება. ამიტომ საქართველოში მისი მოყვანა რეკომენდებულია, როგორც მარკეტინგის, ისე რენტაბელობის თვალსაზრისით.
5 ოქტომბერს, 12:00 საათზე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში გაიმართება კონფერენცია თემაზე - "კაკლოვანი კულტურების (ნუში, თხილი) მნიშვნელობა და მათი პერსპექტივები საერთაშორისო ბაზარზე". სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, შეხვედრის ორგანიზატორია კომპანია ,, ADVERSA+"ს მიერ. კონფერენციაზე სიტყვით გამოვა ინჟინერ-აგრონომი ფრანცისკო ვარგასი (ესპანეთი), რომელიც ამავე დროს, ხმელთაშუა ზღვის სატყეო დეპარტამენტის, კვების პროდუქტების ტექნოლოგიებისა და კვლევის ინსტიტუტის (I.R.T.A.) მთავარი სამეცნიერო ექსპერტია.
"ნუშის სამშობლო საქართველოა. სწორედ ამიტომ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, დაინტერესებულ ფერმერებთან ერთად, მოიწვია ფრანცისკო ვარგასი, როგორც ნუშის კულტურის ერთ-ერთი საუკეთესო მცოდნე, მკვლევარ-მეცნიერი. ფრანცისკო ვარგასი თავის მოხსენებაში წარმოადგენს ამ დარგში უკანასკნელ მიღწევებს, ნუშის თანამედროვე რეზისტენტულ ჯიშებსა და მათი მოყვანის ტექნოლოგიებს", _ აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.