სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი დიმიტრი შაშკინი №52-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა.
შეხვედრა ამავე სკოლის უფროსკლასელების ინიციატივით გაიმართა. სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული სამართლის კურსის შესწავლისას მოსწავლეებში განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია არასრულწლოვანთა შესახებ არსებულმა კანონმდებლობამ და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს მიერ გატარებულმა რეფორმებმა. კერძოდ, უფროსკლასები მათი თანატოლი პატიმრებისა და პრობაციონერების ცხოვრების პირობებით, განათლებით, მათი სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებში ჩართულობით, სარეაბილიტაციო და საგანმანათლებლო პროგრამებით დაინტერესდნენ.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მოსწავლეებმა ყველა დასმულ კითხვაზე პასუხი თავად მინისტრისგან მოისმინეს. შაშკინმა დეტალურად ისაუბრა არასრულწლოვანთა სისხლის-სამართლებრივ და ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობაზე, არასრულწლოვანი ეჭვმიტანილისა და მოწმის უფლებებზე, უდანაშაულობის პრეზუმპციასა და დანაშაულის პრევენციაზე. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო არასრულწლოვან მსჯავრდებულებზე განსაკუთრებულად ზრუნავს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მათ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პირობები შეუქმნას.
დიმიტრი შაშკინის განცხადებით, არასრულწლოვნების სამართლებრივ საკითხებში გარკვევა ხელს შეუწყობს მოზარდებში დანაშაულის კლებას, რაც უსაფრთხო საზოგადოების ჩამოყალიბების საუკეთესო წინაპირობაა.