დღეს, 17 სექტემბერს, ლეგენდარული ქართველი მსახიობის, სესილია თაყაიშვილის დაბადებიდან 113 წელი შესრულდა. სესილია თაყაიშვილი 1906 წლის 17 სექტემბერს ბათუმში დაიბადა.
1926 წელს სესილია თაყაიშვილმა დამთავრა ფაღავას დრამატული სტუდია თბილისში და იმავე წელს ჩაირიცხა რუსთაველის სახელობის თეატრში.
1930-1966 წლებში მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი იყო.
თაყაიშვილი ქართული თეატრის რეალისტური აქტიორული ხელოვნების ბრწყინვალე წარმომადგენელია. მის შემოქმედებას ახასიათებს გულწრფელობა, ფსიქოლოგიური სიღრმე, მაღალი პროფესიული კულტურა, დახვეწილი იუმორი, ჩინებული აქტიორული ტექნიკა. განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია სახასიათო როლების შესრულებაში.
ქართული თეატრის სცენაზე 120-მდე როლი განასახიერა. მათ შორის ქრისტინე (დადიანი "ნინოშვილის გურია"), გვირისტინე (კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება"), ოლღა (დუმბაძისა და ლორთქიფანიძის "მე ბებია, ილიკო და ილარიონი"), სიუზონი (ბომარშეს "ფიგაროს ქორწინება"), კატარინა (შექსპირის "ჭირვეული ცოლის მორჯულება"), ელისაბედ დედოფალი (შილერის "მარია სტიუარტი") და სხვა.
თაყაიშვილის დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული საესტრადო ხელოვნების განვითარებაში.
1948 წლიდან მოღვაწეობდა კინოში. შეასრულა მანანას ("ჭირვეული მეზობლები", 1949), ვასასის ("ჩვენი ეზო", 1956), ელპიტეს ("საბუდარელი ჭაბუკი", 1956), ოლღას ("მე, ბებია, ილიკო და ილარიონი", 1962), ბორდოხანის ("დიდოსტატის მარჯვენა", 1969), მარადიას ("ნატვრის ხე", 1977), ასინეთას ("დათა თუთაშხია") და სხვა როლები.
სესილია თაყაიშვილი 1984 წლის 21 მაისს გარდაიცვალა. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა