კახეთში ღვინის ქარხნებმა უკვე 18 000 ტონა ყურძენი ჩაიბარეს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსმა ტარიელ გაბუნიამ განუცხადა, საფერავის ჯიშის ყურძენი თითქმის მთლიანად დაბინავებულია.
„ღვინის ქარხნებმა 13 200 ტონა საფერავი უკვე ჩაიბარეს, ერთი კილოგრამი 65 თეთრად. აქედან 40 თეთრს ქარხნები თავად იხდიდნენ, 25 თეთრს სუბსიდიის სახით სახელმწიფო გასცემდა. შეიძლება ითქვას, რომ საფერავის ჯიშის ყურძნის მოსავლის 95% უკვე დაბინავებულია. რაც შეეხება რქაწითელს, წინასწარი გათვლებით, ღვინის ქარხნებს 5 - 6 ათასი ტონა რქაწითელი უნდა მიეღოთ. 4 800 ტონა უკვე ჩაბარებულია", - აღნიშნა გაბუნიამ.
კახეთში რთველი აგვისტოს ბოლოს დაიწყო. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, რეგიონში სულ 85 584 ტონა ყურძნის მოსავალია მოსალოდნელი. აქედან 58 419 ტონა რქაწითელია, 22 831 ტონა საფერავი და 4 335 ტონა ჰიბრიდული ჯიშის ყურძენი. ყურძნის ყველაზე მეტი მოსავალი - 21 180 ტონა გურჯაანშია მოსალოდნელი. 2 958 ტონა ყურძენს ელიან დედოფლისწყაროს რაიონში, 5 155 ტონას ახმეტის რაიონში, 16 400 ტონას ყვარლის რაიონში, 5 907 ტონას ლაგოდეხის რაიონში, 9 088 ტონას სიღნაღის რაიონში, 10 507 ტონას თელავის რაიონში, 14 389 ტონას საგარეჯოს რაიონში. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, რთველის სუბსიდირებისათვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 6,1 მილიონი ლარი გამოიყო.
საგარეჯოს და ახმეტის რაიონების გარდა კახეთში რთველი სექტემბრის ბოლოს დასრულდება. ამ რაიონებში ყურძენი შედარებით გვიან იწევა, თუმცა კახეთის გუბერნატორის გიორგი ღვინიაშვილის თქმით, ოქტომბრის შუა რიცხვებში რთველი დამთავრდება.