დღეს, 12 ნოემბერს, 18:00 საათზე, სამების საკათედრო ტაძართან არსებულ ახალგაზრდულ ცენტრში (წმ. სამების საკათედრო ტაძრის საკონფერენციო დარბაზში), პროექტის "ათცამეტ ასურელ მამათა კვალდაკვალ" დასკვნითი საღამო გაიმართება.
პროექტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა ორგანიზებითა და ქალაქ თბილისის მერიის ახალგაზრდულ საქმეთა მონიტორინგის განყოფილების ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
პროექტის ფარგლებში, ერთი თვის განმავლობაში, სტუდენტებმა ის ისტორიული ადგილები მოიარეს, რომელიც ასურელ მამათა სახელებთანაა დაკავშირებული.
პროექტის მიმდინარეობა, მნიშვნელობა და შედეგები დოკუმენტურ ფილმშია აღწერილი, რომელიც დასკვნით საღამოზე იქნება ნაჩვენები. გაიმართება პროექტის ამსახველი ფოტოგამოფენაც.
საღამოზე მოწვეულნი არიან უწმინდესი და უნეტარესი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, წმინდა სინოდის წევრები, თბილისის მერიის წარმომადგენლები, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ადმინისტრაცია და პროფესორ-მასწავლებლები.
მასალის გამოყენების პირობები