გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის თქმით, ნორმანდიული ოთხეული უახლოეს მომავალში საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში შეიკრიბება. ამის შესახებ მან დიდი შვიდეულის სამიტზე ჟურნალისტებს განუცხადა.
"ჩვენ, საფრანგეთმა და გერმანიამ, ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ ძალიან მალე გვსურს, საგარეო საქმეთა მინისტრების მოსამზადებელი შეხვედრის შემდეგ, გავმართოთ ნორმანდიული ოთხეულის სამიტი რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების მონაწილეობით. სამიტი გაიმართება პარიზში", - განაცხადა მერკელმა.
მან დასძინა, რომ მხარეები ყველა ღონეს მიმართავენ, რათა სამიტი ძალიან მალე გაიმართოს.
ნორმანდიული ოთხეულის შეხვედრასთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ ემანუელ მაკრონმა და ვლადიმერ პუტინმაც იმსჯელეს.
შეგახსენებთ, რომ გერმანია, საფრანგეთი და უკრაინა "ნორმანდიული ფორმატის" წევრები არიან, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიზნით არის შექმნილი.
"ნორმანდიული ფორმატის" მეოთხე წევრი ქვეყანა რუსეთია, რომელიც ბოლო ორი წელი არ იღებს მოლაპარაკებებში მონაწილეობას.