ქრისტიან-დემოკრატები მიიჩნევენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს "პოზიტიური პოტენციალი" აქვს, თუმცა როგორც გიორგი თარგამაძე აცხადებს, ამ პოტენციალის ასამოქმედებლად სამი რეფორმის გატარებაა აუცილებელი. მისი თქმით, ეს ეხება პრეზიდენტის სტატუსის დეპოლიტიზებას, რაც უნდა გამოიხატოს იმაში, რომ პრეზიდენტი არჩევის შემდეგ აღარ უნდა იყოს რომელიმე პარტიის წევრი. მეორე საკითხი ეხება მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას. როგორც თარგამაძე განმარტავს, აუცილებელია უნდობლობის გამოცხადების ვადები და პროცესი გადაისინჯოს და მესამე - საკონსტიტუციო ცვლილებები ძალაში შევიდეს გონივრულ ვადაში. ამის შესახებ განცხადება თარგამაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის პირველი მოსმენით განხილვისას გააკეთა.
ქრისტიან-დემოკრატებს აქვთ კიდევ რამდენიმე სახის შენიშვნა, რისი გათვალისწინებაც პროექტში აუცილებლად მიაჩნიათ. თარგამაძის თქმით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს პოლიტიკური და საჯარო თანამდებობის დაკავების უფლება არ უნდა ჰქონდეთ. ცვლილება უნდა შეეხოს სახალხო დამცველის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებსაც. იგი მიიჩნევს, რომ პარლამენტს უნდა ჰქონდეს ვალდებულება სახალხო დამცველის ანგარიშის შესვლიდან ერთი თვის ვადაში შეფასება მისცეს მისი რეკომენდაციების მიზანშეწონილობას. სახალხო დამცველს ასევე უნდა ჰქონდეს უფლება დააყენოს თანამდებობის პირის გათავისუფლების საკითხი, თუკი ჩათვლის, რომ დაირღვა ადამიანის ძირეული უფლებები და მესამე - სახალხო დამცველს უნდა ჰქონდეს უფლება მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, თუკი ჩათვლის, რომ პარლამენტის მიერ მიღებული რომელიმე კანონი არის არაკონსტიტუციიური.
თარგამაძის თქმით, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნისას უნდა გაძლიერდეს უმცირესობის უფლებები. იგი ამ კუთხით ითხოვს ე. წ. საგანგებო პროკურორის სტატუსის შემოღებას: თუკი საგამოძიებო კომისია ჩათვლის, რომ რომელიმე თანამდებობის პირის მიერ ჩადენილია დანაშაული, საქმე უნდა გამოიძიოს არა მთავრობის დაქვემდებარებულმა პროკურატურამ, არამედ პარლამენტის მიერ დანიშნულმა საგანგებო პროკურორმა.
თარგამაძის თქმით, აუცილებელია გაიზარდოს პარალმენტის როლი მთავრობასთან მიმართებაში, რისთვისაც ითხოვს როგორც მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების ვადების შემცირებას და პროცედურის დახვეწას, ასევე იმას, რომ თითოეული მინისტრის დანიშვნისას საჭირო გახდეს პარლამენტის დადგენილება ხოლო გარკვეული მინისტრების შეცვლის შემდეგ მთავრობას ნდობა თავიდან გამოუცხადოს.
მისი თქმით შესაცვლელია ავტონომიურ რესპუბლიკებთან დაკავშირებით ის ნორმა, რომელიც ეხება აჭარის მთავრობის თავმჯდომარის დანიშვნის საკითხს. თარგამაძის თქმით, ეს არ უნდა იყოს პრეზიდენტის ან პრემიერის გადასაწყვეტი. აუცილებელია, ეს გადაწყვიტოს თავად აჭარის არჩევითმა ორგანომ.
თარგამაძის თქმით, ცვლილებების გატარება არის აუცილებელი სასამართლო სისტემის ნაწილში. იგი მიიჩნევს, რომ გადასახედია მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პირობები.