საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმედების თარიღის საკითხი გაურკვეველი რჩება. ეს საკითხი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ქრისტიან-დემოკრატების ლიდერმა გიორგი თარგამაძემ დააყენა. მისი თქმით, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, როგორ უნდა ჩატარდეს 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები.
"თუკი ეს არჩევნები თავის დროზე ჩატარდება, გამოდის, რომ ქვეყანას ახალი უფლებების მთავრობა მხოლოდ 2016 წელს ეყოლება", - განაცხადა თარგამაძემ.
მისი განცხადებით, თუ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შევა ძალაში, ნიშნავს, რომ მოქმედი პრეზიდენტი გარანტიებს შეიქმნის პრემიერ-მინისტრის სავარძლის დასაკავებლად. ამიტომ მან მოითხოვა განმარტება, რას ფიქრობს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლება.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა აკაკი მინაშვილმა განაცხადა, რომ მომავალ პრემიერს ის პოლიტიკური ძალა აირჩევს, რომელსაც მოსახლეობის მხარდაჭერა ექნება. მინაშვილი ვარაუდობს, რომ ქრისტიან-დემოკრატები არათუ უმრავლესობით მოსვლას ვერ შეძლებენ, არამედ იმაზე ნაკლები წევრი ეყოლებათ, ვიდრე დღეს ჰყავთ.
სხდომის დასრულების შემდეგ კი ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ჯერჯერობით ძალაშია პროექტში ჩაწერილი ნორმა, თუმცა არ გამორიცხავს, დაიწყოს საუბარი იმაზე, რომ ახალმა პარლამენტმა ახალი პრინციპების ფუნქციონირება გარკვეულწილად 2012 წელსვე შეძლოს. აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი განხილვის კომისიის შემაჯამებელ სხდომაზე აღნიშნული საკითხი ღიად დარჩა. როგორც მაშინ პარალმენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, ამ საკითხს პარლამენტი გადაწყვეტდა.