მე-13 დღეა, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა. მომიტინგეებს მიმართავენ, როგორც ცნობილი სახეები, ასევე აქციის მონაწილეები, ვისაც მიკროფონთან გამოსვლის სურვილი აქვს.
მოთხოვნები კვლავ უცვლელია. აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ.
რუსთაველის გამზირზე პარალელურად გრძელდება შიმშილობის აქციაც. პროტესტის უკიდურეს ფორმას რამდენიმე ადამიანი მიმართავს.
პარლამენტის შენობის წინ აქციის მონაწილეებს, თავდაპირველად მათ რამდენიმე მოთხოვნა ჰქონდათ, ისინი ითხოვდნენ პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისა და შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადაგომას, 20-21 ივნისს საპროტესტო აქციის დროს დაკავებულების გათავისუფლებასა და იმ სამართალდამცველების დასჯას ითხოვენ, ვინც ძალას გადაამეტა. ასევე, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. აქციის მონაწილეების სამი მოთხოვნა დაკმაყოფილდა. პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა და ხელისუფლებამ 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ გამოაცხადა და ყველა დაკავებული გათავისუფლდა.
20-21 ივნისის საპროტესტო აქციის ძალისმიერი მეთოდებით დაშლის შედეგად, 240 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ჟურნალისტები და სამართალდამცველები. აქციის დაშლის შედეგად რამდენიმე ათეული მონაწილე მძიმედ დაშავდა, რამდენიმე მათგანმა თვალი დაკარგა. აქციის ორი მონაწილე კი, მძიმე მდგომარეობაში ამ დრომდე კლინიკაში რჩება.
პარლამენტის წინ საპროტესტო აქციები საქართველოში რუსი კომუნისტი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ვიზიტს და ხელისუფლების შემდგომ ქმედებებს მოჰყვა.