მინდა, ვუთხრა ხელისუფლებას, რომ ყველაფერს ვხედავთ, სწორად ვაფასებთ და გვესმის მათი მიზანი,- აცხადებს გივი თარგამაძე და ფიქრობს რომ ხელისუფლება მოწესრიგებული საზოგადოებრივი პროტესტის გადაფარვას ცდილობს.
„მინდა, ვუთხრა ხელისუფლებას, რომ ყველაფერს ვხედავთ, სწორად ვაფასებთ და გვესმის მათი მიზანი, რომ როგორმე გადაიყვანონ ეს ყველაფერი ისევ იმ ჭრილში, ძველ და ახალ ხელისუფლებას შორის დაპირისპირებით გადაფარონ, ეს საღი, მტკიცე, მოწესრიგებული პროტესტი საზოგადოების. აქედან გამომდინარე, ახლავე შეგვიძლია, ვუთხრათ, ყველა რომ დაგვიჭიროთ, პრობლემა არ არის, ეს აქციები გაგრძელდება და ეს პროტესტი გაგრძელდება, აი ამ სახით, ვსაუბრობ კანონიერ პროტესტზე. ამ ხალხისთვის აქვთ პასუხი გასაცემი, ეს ხალხი თავის მიზანს მიაღწევს“,- განაცხადა გივი თარგმაძემ.
შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიას დაპატიმრებისთვის პარლამენტისგან თანხმობა მოითხოვა. ნიკა მელიას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ნიკანორ მელიას ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანეს.
საქართველოს გენერალური პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს გამოძიებას 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით.
„აღნიშული გამოძიების ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის წევრის ნიკანორ მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის ნიკანორ მელიას მიმართ გამოტანილია ბრალდების დადგენილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით. ნიკანორ მელია ხვალ დაბარებულია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მისთვის ბრალდების წარდგენის მიზნით. გენერალურმა პროკურატურამ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, უკვე აცნობა საკანონმდებლო ორგანოს პარლამენტის წევრის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და მიმართა ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოსაყენებლად თანხმობის მიღების წინადადებით.
ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად ახორციელებს იმ პირთა იდენტიფიცირებას, რომლებიც 20-21 ივნისის აქციაზე ახორციელებდნენ აშკარა ძალადობრივ ქმედებებს - ცდილობდნენ პოლიციის კორდონის ძალადობრივი გზით გარღვევას და პარლამენტის შტურმით აღებას, სხვადასხვა საგნებს ესროდნენ სამართალდამცავებს, ფიზიკურად უსწორდებოდნენ მათ და ანადგურებდნენ კერძო საკუთრების ობიექტებს. აღნიშნული პირების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე იდენტიფიცირებულია. უახლოეს დღეებში მიღებული იქნება შესაბამისი ზომები მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად",- განაცხადეს პროკურატურაში.