თბილისის საკრებულოს ზღვისუბნის მაჟორიტარი დეპუტატი თამარ ტალიაშვილი საკრებულოს სხდომაზე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, სახელმწიფო ინსტიტუციებში ოპოზიციის ბოიკოტს გამოეხმაურა. მისი თქმით, ოპოზიციამ სახელმწიფო ინსტიტუციებში ბოიკოტი გამოაცხადა და მცდელობა აქვთ, რომ მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა რუტინად შერაცხონ.
„დღეს საკრებულოს სხდომაზე 40-ზე მეტი საკითხი განიხილება, მათ შორის, ურბანული განვითარება, ახალი მწვანე სივრცეების მოწყობა, ტურიზმის, ეკონომიკისა და ჯანდაცვის საკითხები, ტრანსპორტის უსაფრთხოება, ეს საკითხები დედაქალაქის ყველა მცხოვრებლისათვის თუ დედაქალაქის სტუმრებისათვის უმნიშვნელოვანესი თემებია და პირდაპირ აისახება ჩვენი მოსახლეობის მომავალზე. პოლიტიკა არის საქმის კეთება და საქმის კეთება არ არის რუტინა"-განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
დეპუტატმა თავის გამოსვლაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება" პასუხისმგებლიანი და პროგრესზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალაა. მისი თქმით, პროგრესი შესაძლებელია შეცდომების აღიარებითა და გამოსწორებით და არა „გაპრავებით", მსგავსად წინა ხელისუფლებისა.
„სწორედ ამის გამოხატულებაა ის, რომ საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში უმაღლესი თანამდებობის პირმა, პარლამენტის თავმჯდომარემ მიიღო უპრეცედენტო, ძალიან ღირსეული გადაწყვეტილება და დატოვა თანამდებობა" - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.