კობახიძე გადადგეს, სასწრაფოდ დაკავებული თანამდებობიდან - გრიგოლ ვაშაძე დღეს მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის პასუხისგებლობას ითხოვს.
„ხდება საქართველოს და ქართველების შეურაცხყოფა. ვიღაცამ სახელმწიფო საზღვარზე გადმოუშვა, ვიღაცამ სახელმწიფო დაცვა დაუნიშნა, ვიღაცამ პარლამენტის შენობაში შემოუშვა და სპიკერის სავარძელზე დასვა. როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს? კობახიძე გადადგეს სასწრაფოდ დაკავებული თანამდებობიდან, დანარჩენ მოთხოვნებს გავაჟღერებთ ერთ საათში“, - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, გრიგოლ ვაშაძემ.
თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია 20 ივნისს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში გაგრძელდა. რუსეთის დუმის დეპუტატი, კომუნისტურ პარტიიდან სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელიდანსხდომას გაუძღვამ რასაც დეპუტატების პროტესტი მოჰყვა. გავრილოვის გამოსვლა გააპროტესტა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. მისი თქმით, რა მართლმადიდებლური კავშირი და ურთიერთობა შეიძლება არსებობდეს ჩვენ და იმ ქვეყანას შორის, რომელიც არა მხოლოდ ოკუპანტია, არამედ ებრძვის რელიგიასაც და ყველა ქრისტიანულ წესს. სხდომა შეწყდა და გავრილოვი დარბაზიდან გაიყვანეს. ოპოზიცია ითხოვს პასუხიმგებლობა პარლამენტის თავმჯდომარემ აიღოს და თანამდებობდა დატოვოს.
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია 19 ივნისს ავლაბრის ცერემონიების სასახლეში გაიხსნა. სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს, მსოფლიოსა და რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენლები. რუსეთის ფედერაციის დელეგაციის შემადგენლობაში არიან სერგეი გავრილოვი, ივან სუხარევი, ალექსეი ჩეპა, ნიკოლაი ზემცოვი, ირინა კუზმინა, ალექსანდრ ფომენკო და ელენე კამინსკაია. 19 ივნისის ღონისძიებაზე სერგეი გავრილოვის სიტყვით გამოვიდა. სერგეი გავრილოვი რუსეთის კომუნისტურ პარტიას წარმოადგენს. გავრილოვი აფხაზეთში იმყოფებოდა აფხაზეთის ომის მიმდინარეობის დროს და ომში საქართველოს წინააღმდეგ მონაწილეობდა. გავრილოვის სიტყვით გამოსვლის დროს, პროტესტის ნიშნად, სხდომა დატოვა უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა. მისი თქმით, მიუღებელია ასამბლეაში რუს დეპუტატებთან ერთად მონაწილეობა.