22 ივნისს, 20:00 საათზე, მაგთი კლუბში სიმღერების და მუსიკალური არანჟირებების ავტორის ზურა ლალიაშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართება.
შემოქმედებით კონცერტზე ავტორის როგორც ცნობილ, ასევე ახალ სიმღერებს მუსიკოსი და მომღერალი რუსუდან მუმლაძე შეასრულებს.
კონცერტში მონაწილეობენ - ნუგზარ კვაშალი, ზურა ლალიაშვილი, ჯონი ჯანაშია, რომა რცხილაძე, კვინტეტ "ნონაკორდის" მომღერლები (ხელმძღვანელი გია ნაცვლიშვილი), კომპოზიტორ ნანა დაუშვილის ვოკალური სტუდიის ნიჭიერი მომღერალი ლუკა ოჩიგავა.
საქართველოს დამსახურებულ არტისტს, მუსიკოს ზურა ლალიაშვილს მსმენელი ლეგენდარულ ანსამბლ "ივერიადან" იცნობს. მიუზიკლში "არგონავტები" მან შალომას დაუვიწყარი სახე შექმნა.
ზურა ლალიაშვილი არის პოპულარული სიმღერების ავტორი - "ჩიტო- ჩიორა უარს ნუ მეტყვი", "ჯადოსნურ ქალაქში", უსიყვარულოდ" და სხვა.
მუსიკოსმა წლების წინ საბავშვო ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი "ჩიორა" ჩამოაყალიბა, რომელიც როგორც საქართველოს, ასევე მის ფარგლებს გარეთ, სხვადასხვა ფესტივალის ლაურეატი გახდა.
ზურა ლალიაშვილს ხმის ჩამწერ სტუდიაში მუშაობის მრავლწლიანი გამოცდილება აქვს. წლების წინ, კერძო ხმის ჩამწერი სტუდია თბილისში პირველად მან გახსნა. თითქმის ყველა პოპულარულ საესტრადო მომღერალს უთანამშრომლია მასთან, როგორც არანჟირების ავტორთან. მუსიკოსი დღესაც აქტიურად მოღვაწეობს ამ სფეროში.