საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნიუ-იორკის ბირჟაზე მიიწვიეს, როგორც იმ სახელმწიფოს მეთაური, რომელმაც ქვეყენაში სერიოზული ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმები გაატარა.
"ეს განსაკუთრებული კვირაა, რადგანაც ნიუ-იორკში მიმდინარეობს გაეროს გენერალური ასამბლეის სესია. "ნაზდაკის" ბირჟა ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვან და ღირსეულ სტუმრებს იღებდა ამ კვირაში. ბოლო 10 წლის მანძილზე ბევრი სტუმარი გვყავდა, მათ შორის იყვნენ სხვა და სხვა ქვეყნის ლიდერებიც, მაგრამ იშვიათად გვყოლია ისეთი გაბედული, თავისუფლებისა და კანონიერებისათვის მებრძოლი ისეთი ადამიანი როგორიც დღეს გვყავს. მივესალმები საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს. ის ისტორიული ლიდერია, 2004 წელს 37 წლის ასაკში ევროპაში ყველაზე ახალგაზრდა ლიდერი გახდა, 2008 წლის იანვარში სააკაშვილი პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის წარდგენისას "ნაზდაქის" აღმასრულებელმა ვიცე პრეზიდენტმა ედ ნაიდმა.
მისი თქმით, სააკაშვილის როგორც ახალი ლიდერის დაპირება იყო კორუფციის დამარცხება, ეკონომიკის სტაბილიზაცია, ბიუჯეტის მოწესრიგება, მთავრობის ორიენტირება პრივატიზაციასა და თავისუფალ ბაზარზე, მან ეს ყველა პირობა შეასრულა.
"ნება მიბოძეთ რამდენიმე მაგალითი მოგიყვანოთ მისი მთავრობის საქმიანობიდან - სააკაშვილის მთავრობამ შეამცირა და გაამარტივა გადასახადები, ამ მიმართულებით "ფორბსის" რეიტინგში მეოთხე ადგილზე მოხვდა. საქართველოში მნიშვნელოვნად შეამცირეს ბიზნესთან დაკავშირებული ლეგალური პროცესები და წარმოადგინეს ე.წ. ერთი ფანჯრის სისტემა, რომელიც საშუალებას აძლევს კერძო მეწარმეს სწრაფად წამოიწყოს ბიზნესი. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ბიზნესის "ნაზდაკის" სიაშიც მოხვდება. მსოფლიო ბანკმა საქართველო შეიყვანა იმ ქვეყნების რიცხვში სადაც ეკონომიკა სწრაფად ვითარდება, 2010 წელს კი საქართველომ მიიღო მე-11 ადგილი ბიზნესის გარემოს თვალსაზრისით. იგი ისეთი ქვეყნების გვერდით მოხვდა, როგორებიც არიან ავსტრალია, ნორვეგია და იაპონია", - აღნიშნა ედ ნაიდმა.
"ნაზდაქის" აღმასრულებელმა ვიცე პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მსოფლიო ბანკის ანტიკორუფციული ქვეყნების რიცხვში საქართველო არის ისეთის ქვეყნების სიაში სადაც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში დიდი გაუმჯობესება შეინიშნება, როგორც ეკონომიკური და ინსტიტუციონალური გაუმჯობესების ერთ-ერთი მახასიათებელი.
"ამის მისაღწევად საქართველოში ბევრი რეფორმა გატარდა. საქართველოში მიიზიდეს ეკონომიკური პარტნიორები დარეგულირდა ვაჭრობა. ევროკავშირის, ახლო აღმოსავლეთის, აღმოსავლეთ ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და სხვა ქვეყნები საქართველოს სავაჭრო ბრუნვას შეუერთდა და ამ მაჩვენებელმა 2010 წელს 1 , 36 მეასედი მილიარდი შეადგინა, ეს კი წინა წელთან შედარებით 15 %-ით მეტია", - აღნიშნა ედ ნაიდმა და დასძინა, "ბატონი სააკაშვილი ამერიკაში ამ კვირაში ჩამოვიდა, თუმცა ის აქ უცხო არ არის. იგი აქ ცხოვრობდა და სწავლობდა კოლუმბიის უნივერსიტეტში, გადიოდა იურიდიულ პრაქტიკას, სწავლობდა ვაშინგტონშიც და შეიძლება ის კორპორატიულ ამერიკელ იურისტადაც განვიხილოთ თუმცა ის ამაზე მეტია. ნება მიბოძეთ ჩემი გამოსვლა იმ ფაქტით შევაჯამო, რომ მიხეილ სააკაშვილი ჰილარი კლინტონმა სენატორობის დროს და სენატორმა მაკკეინმა ნობელის პრემიის ნომინაციაზე წარადგინეს და შემდეგი სიტყვებით დაახასიათეს - მას აქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა თავისუფლების, დემოკრატიის უნივერსალური ღირებულებების მიმართ და აქვს ინდივიდუალური თავისუფლება. მისი წყალობით საქართველოში შენდება ახალი საზოგადოება, რომელიც ემყარება კანონსა და ითვალისწინებს რთული სოციალური და ეთნიკური პრობლემების მშვიდობიან მოგვარებას, ჩემთვის დიდი პატივია მივესალმო საქართველოს პრეზიდენტს".