გუშინ, 14 ივნისს, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, პარალელურად ორი აქცია გაიმართა. თავდაპირველად, მთავრობის შენობასთან აქცია 19:00 საათზე „თბილისი პრაიდის" ორგანიზატორებმა დააანონსეს, მას შემდეგ რაც საპატრიარქომ 18-23 ივნისს ლგბტ პრაიდის ჩატარებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და ხელისუფლებას მოუწოდა, არ დაუშვას პრაიდის ჩატარება.
გუშინდელი, ჰომოფობიური კონტრაქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ლევან ვასაძემ ვიდეომიმართვა გაავრცელა. ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ გუშინ სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევის მორიგი მცდელობა დაფიქსირდა.
„ორიოდე საათით ადრე გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ისინი ამას აპირებდნენ და საოცარია რამდენი ხალხი გამოეხმაურა აი ამ ინფორმაციას და თავისი ნებით სულითა გულით მოვიდა და დადგა ერთად, რათა არ დაეშვა საქართველოში ის რასაც აპირებენ და ვერ ჩაატარებენ.
უპრეცედენტო ზეწოლა, რომელიც ხორციელდება ჩვენს სახელმწიფოზე და ჩვენს ეკლესიაზე არაფრით არ დამთავრდება. გუშინ, იყო სითავხედის და ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მორიგი საოცარი მაგალითი. ჯერ იყო და ჩვენი ეკლესიის ხელმძღვანელები, ჩვენი ძვირფასი მეუფეები მივიდნენ ამერიკის საელჩოში, სადაც მათ დაახვედრეს უამრავი ელჩები და ორი საათი, გეგონება ჩვენს ქვეყანას სხვა პრობლემა არ ქონდეს და სხვა სადარდებელი, აეს ხალხი, რომელიც თვალს ხუჭავდა ჩვენი ხალხის დარბევაზე, დაჩაგვრაზე და ყოველგვარ უსამართლობაზე, რაც საქართველოში ხდებოდა ბოლო წლებში, აეს ხალხი ეჩალიჩებოდა მე სხვა სიტყვას ვერ ვხედავ ჩვენს ეკლესიას, რომ ნება დაერთოთ მათ დათანხმებოდნენ ისინი, რომ ამათმა აქ ჩაგვიტარონ გარყვნილების აღლუმი, იმიტომ რომ მშვენივრად იციან, რომ თუ ეკლესია მათ ამის თანხმობას არ მისცემს, რამდენიც უნდა ელაპარაკონ ამ ჩვენ გამყიდველ და ნახევარქათამა პოლიტიკოსებს. და ბუნებრივია ჩვენმა ეკლესიამ არავითარი დათმობა ზნეობასთან, წესთან მიმართებაში არ გააკეთა და ამ შეხვედრის მერე, თუ ამ შეხვედრის დროსვე გავრცელდა საპატრიარქოს განცხადება, რომელსაც ყველანი ნახავდით და იქ მე მგონია ორი აზრი აღარ არის იმის შესახებ თუ რა პოზიცია აქვს წმინდა ეკლესიას. ახლა ჩვენი ჯერია,- ერის. ჩემი აზრით, ჩვენ უნდა მოვაშოროთ ეს დარტყმა დედა ეკლესიას და ავიღოთ ჩვენს თავზე ის ფუნქცია, რომელსაც ერი ყოველთვის იღებდა ხელში, როდესაც სახელმწიფო უარს ამბობდა წესრიგის დაცვაზე“,- განაცხადა ვასაძემ.
ბიზნესმენმა ისტორიაც გაიხსენა და ქართულ ენაში არსებული სიტყვა „წესრიგიც“ განმარტაა. მან აღნიშნა, რომ საქართველო სახელმწიფოს ხერხემალი ქრისტიანული სარწმუნოებაა. ვასაძემ ვიდეომიმართვაში დონალდ ტრამპი დაიცვა და თქვა, რომ თბილისში ამერიკის საელჩოში ის „ხილარისტებს“ მხარს არ უჭერს.
„ქართულ ენაში წესრიგი ორი სიტყვისაგან შედგება, „წესი“ და „რიგი“. წესი კი რომელიც ჩვენ გვაქვს არის მრავალსაუკუნოვანი წესი, კავკასიური ადათებისა, კავკასიელი ხალხების კულტურებისა და რა თქმა უნდა, ამის ყველაფრის ხერხემალს, ჩვენს შემთხვევაში შეადგენს ქრისტიანული სარწმუნოება, რომელიც არის მსოფლიო ცივილიზაციის საფუძველი. აი ამ წესრიგის დარღვევა არის ყოვლად დაუშვებელი და ჩვენ ამას არ დავუშვებთ. თუ ჩვენ, აი ამ მომაკვდავ იდეოლოგიის, გარყვნილების პროპაგანდისტებს, რომელიც აგონიაში არიან მთელ მსოფლიოში და ფართხალებენ და სადაც გაუვათ იქ ჩალიჩობენ და რაღაცეებს გვაჩვენებენ თითქოს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უჭერს მათ მხარს, იმან სულ სხვა რამეზე თქვა ის რაც თქვა. ის ტვიტი რომ გამოაქვეყნეს. იმან თქვა ნუ ხოცავთო იმ მუსულმანურ ქვეყნებში ეს იგულისხმებოდა, რომლებშიც ეს ხდებაო და ეხლა ჩვენ აგვაფარეს ეს განცხადება, თითქოს დონალდ ტრამპი აი ამ თბილისის ამერიკის საელჩოში მოკალათებულ ხილარისტებს და გლობალისტებს უჭერს მხარს. ვის ატყუებთ თქვე უბედურებო, თქვენ გგონიათ ბნელა და არ ვიცით რა ხდება მთელ მსოფლიოში?“,- აღნიშნა ბიზნესმენმა.
ლევან ვასაძე შიშობს, რომ გეი პრაიდის ჩატარება აფხაზ და ოს ძმებთან შერიგებას შეუძლებელს გახდის. ბიზნესმენს მიაჩნია, რომ საქართველოს რეპუტაცია, მეზობელ სახელმწიფოსთან, მათ შორის რუსეთთან დაკნინდება.
„თუ ჩვენ ამ წუნკლებს, ჩვენი პოლიტიკოსების ჩათვლით ჩავატარებინებთ რამე ღონისძიებას საჯაროს მომავალ კვირას, ჩვენ შეგვიძლია დავემშვიდობოთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან შერიგების ყოველგვარ პერსპექტივას, ჩვენს რეპუტაციას მთელს კავკასიაში ჩეჩნებთან, დაღესტნელებთან, ყარაჩაეველებთან, ადიღეელებთან, ჩერქეზებთან და სხვა ხალხებთან, ყაბარდობარყალერებთან, ოსებთან, რუსებთან ყველასთან ვინც ჩვენ გვესაზღვრება. თურქებთანაც, ირანელებთან ყველასთან, ვინც ჩვენს გარშემო არის და რისი ცენტრიც ჩვენ უნდა გავხდეთ. ჩვენ შეგვიძლია დავემშვიდობოთ ქართულ სახელმწიფოებრიობას. საბოლოოდ ისინი მაშინ გაიტანენ თავისას და მე მჯერა, რომ ეს არ მოხდება და საქართველო უბრალოდ აღარ იქნება“,- განაცხადა ჰომოფობიური კონტრაქციის მონაწილე ლევან ვასაძემ ვიდეო მიმართვაში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 14 ივნისს, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, პარალელურად ორი აქცია გაიმართა.
თავდაპირველად, მთავრობის შენობასთან აქცია 19:00 საათზე „თბილისი პრაიდის" ორგანიზატორებმა დააანონსეს, მას შემდეგ რაც საპატრიარქომ 18-23 ივნისს ლგბტ პრაიდის ჩატარებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და ხელისუფლებას მოუწოდა, არ დაუშვას პრაიდის ჩატარება.
„თბილისი პრაიდის" მიერ დაანონსებული აქციის გამართვამდე, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან ბიზნესმენი ლევან ვასაძე, გურამ ფალავანდიშვილი და სასულიერო პირები მივიდნენ, რომლებმაც განაცხადეს, რომ არ დაუშვებენ თბილისში ლგბტ პრაიდის გამართვას.
მოგვიანებით, კონტრაქციის ორგანიზატორებმა მედიასთან განაცხადეს, რომ მათი მიზანი „თბილისი პრაიდის" ორგანიზატორებისთვის ხელის შეშლა იყო. აქციის განმავლობაში კონტრაქციის მონაწილეები შეურაცხყოფას აყენებდნენ პარალელური აქციის მშვიდობიან მონაწილეებს, მათ მხარდამჭერებს, ჟურნალისტებს, ზოგიერთ შემთხვევაში ფიზიკურადაც ეხებოდნენ მათ.
გვიან ღამით, „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებმა აქციის დასრულების გადაწყვეტილება მიიღეს.