საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ახალ „მეგობრობის ხეს“ გაუგზავნის. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
რამდენიმე დღის წინ, მაკრონისა და ტრამპის მიერ, თეთრი სახლის მიმდებარედ დარგული მუხის ხე გახმა. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანგი და ამერიკელი ხალხის მეგობრობის აღსანიშნავად, კიდევ ერთი მუხის ხის ნერგის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო.
„მე გავგზავნი ახალ მუხის ხეს რადგან ვფიქრობ, რომ ამერიკელი და ფრანგი ხალხის მეგობრობა ჩვენთვის ძვირფასია“,- განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
პრეზიდენტებმა ხე ერთად დარგეს, მათ გვერდით კი პირველი ლედები იყვნენ. საფრანგეთის პრეზიდენტმა მაშინ ტვიტერზე დაწერა, რომ ეს ხე ორ ქვეყანას შორის კავშირის შეხსენება იქნებოდა.
ნერგი პარიზის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან, ბელოს ტყიდან ჩაიტანეს. სწორედ ამ ტყეში პირველი მსოფლიო ომის დროს, 1918 წელს გაიმართა სასტიკი ბრძოლა, რომელშიც 1 800-ზე მეტი ამერიკელი დაიღუპა.