დაბეჭდა ქართველი მწერლის დავით ჩხეიძე-თურდოსპირელისა და მისი მეუღლის, ალექსანდრა (სანიკო) კრემენსკაიას სასიყვარულო წერილები. ამ იშვიათი შინაარსის თითქმის 500-გვერდიან წიგნში თავმოყრილია ნაწილი ბარათებისა, რომლებიც ინახებოდა დავით თურდოსპირელის ოჯახში. მკითხველის წინაშე გაცოცხლდება ეპოპეა ამაღლებული გრძნობებისა, თავდავიწყებისა, იმ დიდი ვნებისა, ამ ორ ადანმიანს რომ აკავშირებდა ერთმანეთთან.
„ამ წიგნში მინდა ვიწყო წერა ჩემი მტრედისფერი რომანისა. აქ მინდა სანიკოს სახელი სასოების ცრემლების მინანქრებით ავამეტყველო... სანიკო!.. სიცოცხლევ... მინდოდა, შენზე დიდი, დიდი რომანი დამეწერა... მე ცალკე თავები კიდევაცა მაქვს ფრაგმენტებად დალაგებული, მაგრამ ცხოვრებაში მალე შემომაღამდა... საცაა ჩაიწვება ჩემი ცხოვრების პატრუქი... მაგრამ საიდან დავიწყო... საიდან?! იქედან, როცა ბროწეულის ყვავილივით აყვავდა ჩემი გული, როდესაც შენ თანაგრძნობით შემომცინე?.. თუ იქიდან, როდესაც“... ეს ფრაგმენტია დავით ჩხეიძის ბარათიდან.
ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და წინათქმა დაურთო დავით თურდოსპირელის ქალიშვილმა, რუსთაველის თეატრის მსახიობმა, რესპუბლიკის დამსახურებულმა არტისტმა ლამზირა ჩხეიძემ.
წიგნის რედაქტორია პროფესორი საბა მეტრეველი.