თბილისის საკრებულოში საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით და ა(ა)იპ სპორტის მართვის მეთოდოლოგიის და ტექნოლოგიების ასოციაციის ორგანიზებით, "თბილისის მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგა" გაიხსნება. ტურნირი წელს პირველად ტარდება და 10 ივლისამდე გაგრძელდება. სასკოლო ლიგის მეგობარი კომპანიაა "პსპ".
ტურნირი ოფიციალურად გახსნეს დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა. სასკოლო ლიგის მონაწილეებს თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა და საკრებულოს სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე მიესალმნენ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ლიგის გუნდებს წარმატებები უსურვა და სპორტული აქტივობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივას ჩაეყარა საფუძველი. ქალაქ თბილისის მერია, საკრებულო, ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად მრავალმხრივ მუშაობს იმაზე, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი იყოს ჩვენი მოსწავლეების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ამ პროცესს მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი. სწორედ ამას ემსახურება პროექტი "როცა სპორტი ცვლის სამყაროს", რომელიც საკრებულოს სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით დაიწყო. დღევანდელი ღონისძიება, რომელიც ამ პროექტის ფარგლებში გაიხსნა, მართლაც უპრეცედენტოა. ასეთი მასობრივი პროექტი ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის და სპორტით დაინტერესების პოპულარიზაციას. მადლობა მინდა გადავუხადო ორგანიზატორებს ასეთი მასშტაბური ტურნირისთვის",- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
თბილისის საკრებულოს სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ჩაკვეტაძემ ლიგის მონაწილეებს ტურნირის ჩატარების პრინციპზე მიაწოდა ინფორმაცია.
"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი ქალაქის და ქვეყნის ხვალინდელი დღე იყოს უკეთესი, ვიდრე დღევანდელი დღე. ტურნირი, რომელიც დღეს გაიხსნა, სწორედ ამ მიზანს ემსახურება. მინდა წარმატებები გისურვოთ და აღვნიშნო, რომ ამ პრინციპით და სისტემით მსგავსი ახალგაზრდული ჩემპიონატები ჩვენთან პირველად ტარდება. აქტიურად იქნება გამოყენებული ელექტრონული ტექნოლოგიები, თითოეული მატჩი ჩაიწერება და ყველას გექნებათ მაჩვენებლები, რომლის მიხედვითაც გამოვლინდება საუკეთესო გუნდი და მოთამაშე",- განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
გახსნის ცერემონიაზე პროექტის და ვებ-გვერდის www.sfl.ge პრეზენტაცია გაიმართა.
სასკოლო ლიგაში თბილისის 32 საჯარო სკოლის 400-მდე მოსწავლე მონაწილეობს. მსგავსი ტიპის ღონისძიება ლიგისა და ფლეიოფის გაერთიანებული სისტემით და ელექტრონული ტექნოლოგიების აქტიური გამოყენებით პირველად ტარდება. ტურნირის მიმდინარეობის განმავლობაში თამაშები ყოველ შაბათ-კვირას გაიმართება.
პროექტის მიზანი მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა და სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.