1944 წლის 6 ივნისს ბრიტანეთის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და კანადის შეიარაღებული ძალები ჩრდილოეთ საფრანგეთში, ნორმანდის სანაპიროდან შევიდნენ.
ბრძოლის საწარმოებლად დასავლელი მოკავშირეების საჯარისო შენაერთების ნორმანდიაში გადასხმა პირველი ნაბიჯი იყო ოპერაცია „ოვერლორდისა“ (Operation Overlord), რომელიც ნაცისტური ძალების მიერ ოკუპირებული ევროპის გათავისუფლებასა და მეორე მსოფლიო ომის დასრულებას ისახავდა მიზნად.
ღამით, დაახლოებით 156 000 მოკავშირე ჯარისკაცი შევიდა ნორმანდიაში, მიუხედავად ურთულესი ამინდისა და გერმანელი სამხედრო შენაერთების სასტიკი წინააღმდეგობისა.
პირველი ეტაპი წარმოადგენდა საჰაერო-სადესანტო ოპერაციას, ნაშუაღამევს 24 000 ბრიტანელი, ამერიკელი, კანადელი და ფრანგი პარაშუტისტის დესანტირებით. მერე ეტაპი შედგებოდა საზღვაო-სადესანტო ოპერაციისგან, რომელიც დაიწყო დილის 6:30 სთ-ზე, და ასევე მთელი რიგი სადეზინფორმაციო ოპერაციებისგან, კოდური სახელწოდებებით „გლიმერი“ და „ტაკსაბლი“, რომელთა მიზანიც იყო გერმანელთა შეცდომაში შეყვანა შეჭრის ნამდვილ მიმართულებასთან დაკავშირებით.
საფრანგეთის სანაპიროზე ქვედანაყოფთა შეჭრა სხვადასხვაგვარი წარმატებით წარიმართა. მაშინ, როდესაც პლაცდარმთა უმეტესობაზე მოკავშირეთა მიღწევები მნიშვნელოვანი იყო, ხოლო დესანტმა მტრის სანაპიროზე გადასხდომის მსვლელობისას პირველივე წუთებიდანვე შეძლო ინიციატივის ხელში ჩაგდება და პლაცდარმთა შექმნა, „ომაჰას“ მონაკვეთზე სიტუაცია კონტროლიდან გამოვიდა. ამერიკელებმა, რომლებიც გერმანული ჯარების კარგად ორგანიზებულ წინააღმდეგობას წააწყდნენ, ოპერაციის პირველივე წუთებიდან სერიოზული დანაკარგები განიცადეს და თითქმის სრულიად დაკარგეს სიტუაციაში თავიანთ სასარგებლოდ გარდატეხვის შეტანის უნარი. პირველი ამერიკული არმიის სარდალი გენერალი ომარ ბრედლი უკვე იმასაც კი ფიქრობდა, საერთოდ შეეწყვიტა ამ მონაკვეთზე გადასხდომის პროცესი და უკან გამოეხმო ჯარები. თავიდან ოპერაციის წარმატება საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა. თუმცა, მედესანტეება შეძლეს გერმანელთა სანაპირო თავდაცვითი პოზიციების გარღვევა და წინააღმდეგობის ცალკეული კერების შექმნა.
D-Day-ს ბოლოს ინგლისურ და ამერიკულ სექტორებში უკვე გადამსხდარი იყო 5 ქვეითი და 3 საჰაერო-სადესანტო დივიზია, აგრეთვე ერთი სატანკო ბრიგადა. მათ მოახერხეს დაეკავებინათ სანაპირო ზოლი, სიგრძით 3-დან 5 კმ-მდე, თუმცა კი, არა მთელი ფრონტით. პლაცდარმები მოწინააღმდეგისგან მთლიანად მხოლოდ 7 ივნისს იქნა გათავისუფლებული. ნორმანდიაში საზღვაო დესანტის გადასხდომა იყო მსოფლიო ისტორიაში უმსხვილესი საზღვაო სადესანტო ოპერაცია, ზღვიდან ერთდროულად 156 000 სამხედროს დესანტირებით, 195 700 მეზღვაურის მხარდაჭერითა და მასში ყველა ტიპისა და სახის თითქმის 7000 საბრძოლო და სატრანსპორტო გემის მონაწილეობით.
D-Day-ს დასასრულს, მოკავშირეებმა მოახერხეს საფრანგეთში მომდევნო სამხედრო ოპერაციებისთვის მყარი ბაზისის შექმნა და რასაც საბოლოოდ, 11 თვეში ნაცისტების დამარცხება და მეორე მსოფლიო ომის დასრულება მოჰყვა.
მოკავშირეების მიერ ოპერაციის დაგეგმვა არ დარჩებოდა გერმანიის დაზვერვას, ამიტომაც საჭირო და აუცილებელი იყო ისეთი ღონისძიებების გატარება, რაც შეცდომაში შეიყვანდა გერმანელებს. სწორედ ამიტომაც მოკავშირეები განგებ უშვებდნენ ინფორმაციას თითქოს აპირებდნენ შეჭრას საფრანგეთის ქალაქ კალეში და არა ნორმანდიაში.
მოკავშირეებმა ფაქტობრივად დაგეგმეს „ცრუ ოპერაცია“, რათა შეცდომაში შეეყვანათ გერმანელები.
საფრანგეთში შეჭრის მოულოდნელობის მიღწევის მიზნით დასავლელ მოკავშირეთა სარდლობა ფართოდ იყენებდა მოწინააღმდეგის დეზინფორმირებისა და დეზორიენტაციის ზომებს მისი შეცდომაში შეყვანის მიზნით, ოპერაციის ჩატარების დროისა და რაიონის შესახებ.
მოწინააღმდეგის დეზინფორმაციისთვის სხვადასხვა საშუალებები გამოიყენებოდა: რადიო, პრესა, (როგორც საკუთარი, ისე ბეიტრალური ქვეყნებისაც), იგებოდა გადასხდომის რაიონების ცრუ მაკეტები, შენდებოდა მთელი ქალაქები და სპეციალური აეროდრომები, რომელთაც შეეძლოთ შეცდომაში შეეყვანათ მოწინააღმდეგის საჰაერო ან აგენტურული დაზვერვა. ფართოდ გამოიყენებოდა ძალების სადემონსტრაციო გასვლები ზღვაში, რითაც ვერმახტის სიფხიზლე დუნდებოდა. სხვადასხვა წყაროებით მოწინააღმდეგის ყურადღება კონცენტრირებული იყო გადასხდომის ერთსა და იმავე რაიონზე – კალე-ბულონზე.
ერთ-ერთი ინფორმაციით, ნორმანდიაში სადესანტო ძალების შეჭრის დროს გერმანიის კანცლერს, ჰიტლერს ეძინა. ვერმახტის გენერლებმა ვერ გაბედეს ვერც ჰიტლერის გაღვიძება და ვერც მისი ნებართვის გარეშო საპასუხო ოპერაციის დაწყება. სწორედ ამიტომ მათ რამდენიმე კრიტიკული საათი დაკარგეს, რამაც უდიდესი გავლენა მოახდინა საბოლოო შედეგზე.
როდესაც საბოლოოდ ჰიტლერმა გაიღვიძა დილით 10 საათზე და შეიტყო ნორმანდიაში შეჭრის შესახებ, განაცხადა, რომ გერმანია ადვილად გაუმკლავდებოდა თავდასხმას.
რამდენიმე თვის განმავლობაში მოკავშირეებმა შეძლეს ქვეყნის მთელი ტერიტორიის გათავისუფლება და „ზიგფრიდის“ ხაზის გარღვევა, რითაც პლაცდარმი შეიქმნეს გერმანიის ტერიტორიაზე შესაჭრელად.
მონაცემები ადასტურებენ, რომ ანგლო-ამერიკულმა ჯარებმა გადასხდომისას დაღუპულების სახით დაკარგეს 4 414 ადამიანი (2 499 – ამერიკელი, 1 915 – სხვა ქვეყნების წარმომადგენელი). სულ საერთო დანაკარგებმა შეადგინა დაახლოებით 10 000 ადამიანი (6 603 ამერიკელი, 2 700 – ბრიტანელი, 946 – კანადელი).
ვერმახტის ჯარების დანაკარგებმა დაახლოებით 4 000 – 9 000 ადამიანი შეადგინა.
შეჭრის დროს დაიღუპა საფრანგეთის 15 000-დან 20 000-მდე მშვიდობიანი მცხოვრები – ძირითადად მოკავშირეთა ავიაციის დაბომბვების შედეგად.