მიხეილ სააკაშვილი გაერო-ს წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს მხარი დაუჭირონ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიას.
მისი თქმით, ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გარემოსთვის საზიანო ე.წ. შავი ხვრელები არსებობს. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი მოსახლეობა სახელმწიფო სტრატეგიის გარეშეა დარჩენილი. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გაეროს სამიტზე ისაუბრა, რომელიც ათასწლეულის განვითარების მიზნებს ეძღვნება.
მისი თქმით, ერთი გაკვეთილი, რაც შეუძლია ყოფილ საბჭოთა ქვეყანას საბჭოთა კავშირისგან ისწავლოს არის ის, რომ ეკონომიკური განვითარება არ უნდა მოხდეს გარემოს ხარჯზე.
"ჩვენ, ჩვენი ეკონომიკური განვითარების პარალელურად ყოველთვის ვცდილობთ, რომ დავრწმუნდეთ, ეს გარემოს დაცვით ხდება. საქართველოს ენერგოსექტორის ტრანსფორმაცია მიღწეულ იქნა წყლის ენერგიის გამოყენებით, რაც წარმოადგენს სუფთა, უსაფრთხო და განახლებად ენერგიის წყაროს", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გარემო დაუცველია და ქვეყნის ხელისუფლებას არ აქვს შესაძლებლობა ცაერთოს ამ პრობლემის მოგვარებაში.
"ამ ეტაპზე ერთი პრობლემა გვაქვს და ეს ხდება რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე. სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობას არ აქვს შესაძლებლობა ჩაერთოს და დაიცვას გარემო. ძალიან გვაშფოთებს გარემოსათვის მიყენებული ზიანი რესურსების გადატანის გამო, რომელიც სოჭის ოლიმპური თამაშების ორგანიზებისათვის ხორციელდება", - აღნიშნა პრეზიდენტმა და პარტნიორებს, გაერო-ს წევრ სახელმწიფოებს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს სახელმწიფო სტრატეგის მხარდაჭერისაკენ მოუწოდა.
"მე ვთხოვდი პარტნიორენებს დაგვეხმარონ სიტუაციის მონატორინგში, რათა შედეგის მისაღწევად თავიდან იქნას აცილებული ე.წ. შავი ხვრელები. დღეისათვის კი საქართველოს ტერიტორიის 20 % სწორედ ასეთი ხვრელებისგან შედგება. ვთხოვ თითოეულ თქვენთაგანს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის მხარდაჭერას, რომელიც სხვადასხვა საზოგადოებრივ პროგრამებს ითვალისწინებს. იმ პირობებში, როდესაც ჩვენ გვყავს 500 ათასი დევნილი და იძულებით გადაადგილებული პირი და ოკუპირებული ტერიტორიები ფაქტიურად დაცლილია მოსახლეობისგან ჩვენ არ გვინდა, რომ იქ დარჩენილი რომელიმე ჩვენი მოქალაქე ამ სტრატეგიის მიღმა დარჩეს, მაგრამ მისი განხორციელება შეუძლებელი იქნება საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობის გარეშე", - განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის შეფასებით, ათასწლეულის გამოწვევის პროგრამა საშუალებას იძლევა ჩამოყალიბდეს უფრო ეფექტური პარტნიორობა და "ეს საერთაშორისო ინტეგრაციის ახალი მექანიზმია".