ხვალ, 21 სექტემბერს, დიღომში, ე. წ. ნაქულბაქევის ტერიტორიაზე, თბილისის მერი გიგი უგულავა და ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე ნაქულბაქევის ვიზიტორთა ახალაშენებულ ცენტრს მოინახულებენ და ფონდის "უძველესი თბილისი" დაარსების შესახებ განაცხადებენ.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის, თბილისის მერიისა და საკრებულოს ინიცირებით 2009 წლის ნოემბერში დაიწყო პროექტი "უძველესი თბილისი", რომელიც ქალაქის არქეოლოგიური ძეგლების წარმოჩენასა და პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
ნაქულბაქევის ვიზიტორთა ცენტრი აღნიშნული პროექტის მეორე ეტაპია.
ნაგებობა არქეოლოგიური გათხრების ტერიტორიაზე აშენდა. საველე სამუშაოზე ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის მეცნიერები მიხეილ აბრამიშვილის ხელმძღვანელობით მუშაობდნენ.
ვიზიტორთა ცენტრში მოეწყობა ამ ტერიტორიაზე გამოვლენილი არქეოლოგიური მასალის გამოფენა. შენობის ერთ ნაწილში გაშლილია სპეციალური მაგიდები, სადაც მეცნიერები ადგილზე გამოვლენილ არქეოლოგიურ მასალას დაამუშავებენ და შეისწავლიან. გალერეის შიდა სივრცე განკუთვნილია სხვადასხვა ვორქშოფისა და ლექციის მოსაწყობადაც.
აღსანიშნავია, რომ არქეოლოგიური გათხრები აღნიშნულ ტერიტორიაზე 1980-იანი წლების დასაწყისში დაიწყო. საქართველოს სამხედრო გზის რეკონსტრუქციის პერიოდში ამ ტერიტორიაზე ბრინჯაოს ხანისა და შუა საუკუნეების არტეფაქტები იპოვეს. 2007-2009 წლებში, კომპანიამ ვუდ სერვისმა მის კუთვნილ ტერიტორიაზე არქეოლოგიური სამუშაოც დააფინანსა.
ნაქულბაქევი ისტორიულად მნიშვნელოვანი ადგილია. აქ აღმოჩენილი ჩვ. წ-ის 75 წლით დათარიღებული რომის იმპერატორ ვესპასიანეს წარწერაც. ნაქულბაქევში გათხრილია 28 სამარხი. აღნიშნულ ტერიტორიაზე ქრონოლოგიურად უწყვეტი ადამიანის ცხოვრების კვალი IV ათასწლეულიიდან იწყება.
თბილისის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ შესწავლილია გვიან ბრინჯაოს ხანის სამაროვანი და ნამოსახლარი, რომლის ქრონოლოგიური დიაპაზონიცგვიან ანტიკური პერიოდიდან გვიან შუა საუკუნეებამდე გრძელდება. ამავე ტერიტორიაზე გამოვლენილია გვიან ბრინჯაოსა და ადრე რკინის ხანის ნამოსახლარებიც.
აღსანიშნავია, რომ ექსპედიციის მიერ შესწავლილი ნამოსახლარების ნაგებობები დიდი კომპლექსის, ე. წ. სასახლის ერთ მცირე მონაკვეთს წარმოადგენს. სასახლის ფრაგმენტები გავრცელებულია როგორც ნაქულბაქევის, ასევე ქოშიგორის ტერიტორიაზე.