საქართველოს პრეზიდენტმა ქართულ დიასპორას დიასპორის ყოველწლიურ ფორუმზე მიმართა, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, უკვე რამდენიმე წელია თბილისში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად იმართება.
საქართველოს პრეზიდენტი დიასპორის ფორუმზე ინიციატივით გამოვიდა, რომ მომავალ წელს დიასპორის ფორუმი საქართველოს რომელიმე რეგიონში გაიმართოს, რათა დიასპორის წარმომადგენლები ახლოს გაიცნონ რეგიონების პოტენციალს და დაეხმარონ განვითარებაში ინვესტიციებითა თუ სხვა საშუალებით.
სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს სახელმწიფოს განვითარებაში საზღვარგარეთ მცხოვრები დიასპორის როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამშობლოსთან მათი კავშირების შენარჩუნება სახელმწიფოს უფრო გააძლიერებს და განავითარებს.
პრეზიდენტის განცხადებით, მსოფლიოში გაშლილი ქართული დიასპორა სახელმწიფოს ძალაა, საქართველოს სწორედ დიასპორის წარმომადგენლების საქმიანობით იცნობენ, კულტურის, სპორტის, ეკონომიკის მიმართულებით. დღეს უკვე სახელმწიფო და დიასპორა ერთიანია, ჩვენი მომავალი ერთია! გეოგრაფიულ მანძილსა და დაშორებას დიდი მნიშვნელობა არ აქვს 21-ე საუკუნის მსოფლიოში, რადგან არსებობს უამრავი ტექნიკური საშუალება შესაბამისი საქმიანობის დისტანციურად განხორციელების, კავშირების შენარჩუნებისა და გაძლიერებისათვის.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, მთავარია, რომ ემიგრაცია და დიასპორა მთლიანად იყოს ჩართული ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში, არ გრძნობდეს თავს გარიყულად ამისათვის სახელმწიფომ ძალიან ბევრი უნდა იმუშაოს.
საქართველოს პრეზიდენტმა ქართველი სტუდენტების შესახებაც ისაუბრა, რომელებიც საზღვარგარეთ განათლებას ეუფლებიან და აღნიშნა, რომ ისინი საქართველოს ძალიან დიდ კაპიტალსა და ადამიანურ რესურსს წარმოადგენენ.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, სტუდენტებს უნდა მივცეთ ყველა საშუალება, რომ დაბრუნდნენ სამშობლოში და ჩაერთონ სახელმწიფოს სამსახურში.
"ალბათ, მომავალ თაობას პრიორიტეტებს არ ვუსახავთ, რომ იცოდნენ - რა მიმართულებით, სად და როგორ ისწავლონ. ქვეყნის მოთხოვნები მიწოდების ბაზართან უნდა იყოს შეთანხმებული იმისათვის, რომ მზად იყოს საქართველო იმ ახალგაზრდების მისაღებად და დასახვედრად, როცა დაასრულებენ სწავლას", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილმა დიასპორის წინაშე გამოსვლისას რამდენიმე ის მიმართულება დაასახელა, სადაც დიასპორის წარმომადგენლებთან ერთობლივი მუშაობით შესაძლებელია ქვეყნის განვითარებაში ჩართვა.
პრეზიდენტის თქმით, ჩვენ შეგვიძლია ერთობლივად ვემსახუროთ ქართულ კულტურას. ფრანკფურტის წიგნის ფესტივალში და სხვა მსგავს კულტურულ ღონისძიებებსა და ფორუმებში მონაწილეობით. საზღვარგარეთ მცხოვრები შემოქმედი ადამიანები ჩართულნი უნდა იყვნენ შესაბამისი მიმართულებებით ამ ერთობლივ საქმიანობაში.
საქართველოს პრეზიდენტმა მოუწოდა ქართული დიასპორულ ორგანიზაციებს, რომ რაც შეიძლება აქტიურად გაავრცელონ ინფორმაცია ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, ადამიანები, რომლებიც არაკეთილსინდისიერად იყენებენ ვიზალიბერალიზაციას, ხელს უშლიან ახალგაზრდებს, რომლებსაც სურთ გაეცნონ ევროპა და მოინახულონ მისი კულტურული ღირსშესანიშნაობები, საფრთხეს უქმნიან საქართველოს იმიჯს, იმას, რასაც ჩვენი საზოგადოება ყოველდღიურად აშენებს.