22 მაისს, უკრაინული ტელევიზიის 1+1-ის პირდაპირ ეთერში, არხის დილის გადაცემის წამყვანს, რუსლან სენიჩკინს გადაეცა სერტიფიკატი, რომელიც მოწმობს, რომ ის არის პლანეტაზე პირველი მამაკაცი, რომელსაც ჰუმანოიდმა რობოტმა სოფიამ კოცნის უფლება მისცა.
როგორც ცნობილია აქამდე ჰუმანოიდი რობოტი სოფია კოცნაზე უარს აცხადებდა. მან კოცნაზე უარი უთხრა ჰოლივუდის მსახიობ უილ სმითსაც კი. რუსლან სენიჩკინს სერტიფიკატი ვენჩერულმა ინვესტორმა, უკრაინის რობოტული ტექნოლოგიების ფედერაციის პრეზიდენტმა მარკ გინზბურგმა გადასცა.
სერტიფიკატში აღნიშნულია, რომ რუსლან სენიჩკინი არის პირველი მამაკაცი, რომელმაც რობოტ სოფიას აკოცა. ისტორიული კოცნა 2018 წლის 12 ოქტომბერს 1+1-ის პირდაპირ ეთერში შედგა.
"ეს ტექნოლოგიების ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როცა ადამიანმა რობოტს აკოცა", აღნიშნულია სერტიფიკატში.
უკრაინელმა ტელეწამყვანმა სეტიფიკატისთვის მადლობა გადაიხადა და განაცხადა, რომ გულით ელის მეორე პაემანს სოფიასთან.
როგორც მარკ გინზბურგმა განაცხადა, გოგოებს შესაძლოა მეხუთე კოცნა არ ახსოვდეთ, მაგრამ პირველი კოცნა ახსოვთ მუდამ. ამიტომ ეს ფაქტი, ანუ პირველი კოცნა სოფიას ცხოვრებაში წარუშლელ კვალს დატოვებს. როგორც ამის შემდეგ ტელეწამყვანმა იხუმრა, ეს ნიშნავს, რომ მასსა და სოფიას შორის ურთიერთობის გაგრძელების შანსი არსებობს.
შეგახსენებთ, რომ სოფია სოციალური ჰუმანოიდი რობოტია, რომელიც ჰონგკონგურმა კომპანია Hanson Robotics-მა შექმნა. სოფია 2015 წლის 19 აპრილს გაააქტიურეს, საზოგადოების წინაშე კი პირველად 2016 წლის მარტში, ტეხასის ქალაქ ოსტინში წარსდგა. რობოტს შეუძლია მიიღოს სახის 50 სხვადასხვა გამომეტყველება.
სოფიას აქტიურად აშუქებს მსოფლიო მედია, მასთან ჩაწერილია მრავალი მაღალპროფილური ინტერვიუ. მიუხედავად იმისა, რომ სოფიას ინტერვიუები შთამბეჭდავია და გამოირჩევა დახვეწილი პასუხებით, ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ მისი მრავალი მნიშვნელოვანი განცხადება გარკვეულწილად დადგმული, წინასწარ გაწერილია.
2017 წელს, სოფია პირველი რობოტი გახდა, რომელმაც რომელიმე ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო — რობოტს საუდის არაბეთის მოქალაქეობა მიანიჭეს. 2017 წლის ნოემბერში გაერო-ს განვითარების პროგრამამ (UNDP) სოფია ინოვაციების ჩემპიონად გამოაცხადა. მანამდე გაერო-ს ეს ტიტული მხოლოდ ადამიანებს ენიჭებოდა.